02.01.2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

-შენ-
სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი,
არც იბზარება და არც ცვდება
– იქით გცვეთს და გბზარავს.

–სიყვარულის ახსნა–
მე ცარიელი ოთახი ვარ.
სული, რომელიც აქ ცხოვრობდა,
სტუმრად წავიდა,
და
ჩემმა სულმა იმიტომაც დატოვა ბინა,
რომ მხოლოდ ერთი ოთახი ვარ
და
ისე მცირე – ორი სული ვერ დაეტევა
და
ჩემმა სულმა ფანჯარასთან დაკიდა მზერა,
ეს გასაღები შენთვისაა,
შენ შეგიძლია მოხვიდე
და
მშვიდად იცხოვრო.

-სიყვარულის სირთულეები-
წამწამი წამწამზე მომადე –
ახლა ჩვენს შორის ბეწვის ხიდია

-იმედი-
რომ მივიწყებულ სიყვარულზე ხავსი ამოდის,
რომ ხავსი ფარავს, მე ვდგავარ და ხავსს ვეჭიდები

-შიმშილი-
როცა ლოდინის სიგრძისაგან ისე გშივდება,
რომ სიყვარულის შემონახულ შეჭამ ნარჩენებს.

-სხვა გზა-
თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს,
ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის.

-მარადიული სიყვარულის ანატომია-
თუ ჩემი ხელის გაწვდენაზე არ მეგულები,თუ ჩემი თვალის გაწვდენაზე ვეღარ გიპოვე – ჩემი ფიქრების გაწვდენაზე მაინც იქნები. რადგან ყველაზე გრძელი მაინც ფიქრის მზერაა. მზის სინათლეს ჰგავს. მე მოვკვდები და ის დარჩება და შენც ალბათ მასში დარჩები. ალბათ ეს არის სიყვარული მარადიული, როდესაც ფიქრში გამოკეტავ ერთმანეთს და ფიქრს მიწაზე არ გამოკეტავ და ის უჩვენოდ გადაუფრენს საუკუნეებს.

#მინიატურები #წერილებიშენ #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze giorgi kekelidze