31.12.2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეს საქმე ასე იყო:
27 დეკემბერს, ტელევიზორის მოხელე ანზორასთან ეკრანი დავბომბეთ. ასეთი გამოთქმაა და იმ დროის ტექნიკური რამ ილეთი – ტელეკრანის უსაქმობისგან მიმქრალ ფერებს აცოცხლებდა. რა მაგია გახლდათ არ ვიცი, მაგრამ ნაღდი და ამართლდება. 29 დეკემბერს დავაყენეთ ბლოკი. ბლოკი ოთხმოცდაათიან წლებში დეციმეტრულ არხების დაჭერას გულისხმობდა. დეციმატრული არხები – რაღაც უცხოური მუსიკალური თუ შოუ არხების. 31 დეკემებრს, იქნებოდა ასე ღამის ცხრა საათი – შუქი მოვიდა.
ჩავრთეთ ტელევიზორი.
როგორც ამერიკული საშობაო ამბების წესია მოწითალო, მყუდრო ოთახში ქერა ბავშვები ბამბებით დათოვლილ ნაძვის გარეშემო ზუსტად ანგელოზებივით ისხდნენ და თითქმის ანგელოზებივით მღეროდნენ:
We wish you a Merry Christmas;
We wish you a Merry Christmas;
We wish you a Merry Christmas and a Happy New Year !
იმ ოთახში ფანჯარა მოსჩანდა და ფანჯრიდან კიდევ თოვა.
ბებიაჩემი გაშტერებული იჯდა და უყურებდა.
რა იყო ჩვენი ახალი წელი? – მამაჩემი ნაძალედავად გადიოდა რომ ქათამი, რომელიც ვიცი, ძალიან ძალიან ეცოდებოდა, დაეკლა. დედაჩემი დროდადრო ,,დუხოვკაში’’ ნამცხვარს ატრიალდება, ბაბაუჩემი კი ხაზის რადიოსთან მიმაგრებული სურათიდან – თვალებს. გადმოსული მეზობელები. დომინო, ნარდი. მერე სროლები და ადესის სმა. ამ ნელ–თბილი ყოფის სიმწარეს ბევრი ვერ გაიგებს. ტკბილი წარსულის ხალხი ხომ ვერ და ვერ და ვერც ბომბებში, ომებში და ქარიშხალებში გამოზრდილი ბავშვები მიხვდებიან. ამ ამბებს მხოლოდ ჩვენ, ოთხმოცდაათიანების საქართველოს ბავშვები შევიგრძნობთ, ვითომ მშვიდობიანი სოფლებიდან და ქალაქებიდან. ამ სინელთბილის სიტკბოს და სიმწარესაც.
ჰოდა, ბებიაჩემი იჯდა და გაშტერებული უყურებდა. უყურებდა და უცებ ჩემი სმენისთვის ახლაც კი წარმოუდგენლად, მაგრამ მაშინ ნამდვილად ცხადად, ხმა ააყოლა:
ჭრელო პეპელა გაფრინდი ნელა ,
ჭრელო პეპელა გაფრინდი ნელა,
ჭრელო პეპელა გაფრინდი ნელა
დელია–რანუნიიი!
ძალიან დაბალ ხმაზე მღეროდა, თითქმის ღიღინდება და მერე გაჩუმდა. გაჩუმდა და გაშეშდა. თვალები ისევ გაუშტერდა. და მე ჩავხედე და დავინახე მისი ბავშვობა, რომელზეც ძილის წინ მიყვებოდა. მერე მამაჩემის ბავშვობა დავინახე, მამაჩემის დიდობაც დავინახე და სიბერეც, რომელსაც ვერ მოესწრო. და დავინახე ჩემი მეზობლები და ნათესავები და მეგობრები და ჩემი თავიც და ვიგრძენი ის სიშორე და სიახლოვე იმ წითელ, მყუდრო ოთახთან, სიშორე და სიახლოვე, რომელსაც ბებიაჩემის თვალები გაჰყვიროდნენ. ვიგრძენი და მომინდა, მქონოდა ოთახი, სადაც ჩემს პატარა მეგობრებთან ვიჯდებოდი და ვიმღერებდი: ,,ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა, დელია რანუნიიი’’
ეს წელი მიიწურა, ჩემი ბევრი, ძალიან ბევრი შეცდომით თუ მარცხით და არც მთლად ცოტა გამარჯვებით. მოვდივარ იმ გზაზე, სადაც არაერთი მომყვება და ზურგს მიმაგრებს. და ზუსტად ვიცი, ვიღაცას აღაზიანებს კიდეც: ,,რა გაახურა ამ კეპიანი ბიჭმა თავისი საქმეები და ამბებით. რად უნდა ყველაფერს ასე ხმამაღლა ლაპარაკი.’’ და ვიღაც ალბათ არ იმჩნევს. არადა, მომავალ წელს კიდევ მეტ და უფრო ხმამაღლა ლაპარაკს ვაპირებ. ისე, საწუწუნო არაფერი მაქვს, სიყვარულს იმაზე ჭარბს ვგრძნობ, ვიდრე ვიმსახურებ, დახმარებას იმაზე მეტს – ვიდრე ადამიანისგან ელი. გულში მტრობა, ქირქილი და მუცლის ფხანა კიდევ იქნება, სულ იქნება – ეს კი ზუსტად იმდენია, რამდენსაც ველი ადამიანისგან. ბევრი ბეწვის ხიდის გადება მინდა, მერე რა, რომ ზოგან ჩავვარდები და მეტკინება. უფრო მეტზე გავივლი. იმ მდუმარე თვალების სანაცვლოდ, ბებიაჩემს რომ ჰქონდა, მორცხვი მამაჩემის გამო, რომელიც სამი წლის წინ, 28 დეკემბერს გარდაიცვალა, 31 დეკემბერს დავკრძალეთ და მას მერე ახალ წელს ჩემთვის მისი სიკვდილის გემოც აქვს. იმ დაკარგული თაობების გამო, ჩემი მეგობრების გამო და ჩემი ქვეყნის გამო და ცხადია, ჩემი თავი გამოც.
ასე, რომ ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა, გარდამატარე ბედის სამძღვარი! ახალ წელს გილოცავ!
შენც და ყველას და We wish you a Merry Christmas and a Happy New Year !
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ახალიწელი #HappyNewYear