გიორგი კეკელიძე – წერილები შენ (2017)

#გიორგიკეკელიძე #წერილებიშენ 2017

-მარადიული სიყვარულის ანატომია-
თუ ჩემი ხელის გაწვდენაზე არ მეგულები,თუ ჩემი თვალის გაწვდენაზე ვეღარ გიპოვე – ჩემი ფიქრების გაწვდენაზე მაინც იქნები. რადგან ყველაზე გრძელი მაინც ფიქრის მზერაა. მზის სინათლეს ჰგავს. მე მოვკვდები და ის დარჩება და შენც ალბათ მასში დარჩები. ალბათ ეს არის სიყვარული მარადიული, როდესაც ფიქრში გამოკეტავ ერთმანეთს და ფიქრს მიწაზე არ გამოკეტავ და ის უჩვენოდ გადაუფრენს საუკუნეებს.

–სიყვარულის მათეტიკა–
არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა. სკოლის შენობის ზურგზე მიწერილ მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს, დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის. ამიტომაც, ვერავინ დაწერა სიყვარულის სახელმძღვანელო. და თუ დაწერა, მეორე წელს ვეღარ ივარგა. ან გმირები მაშინ დახოცა, როცა რომეოს და ჯულიეტას ტოლები არიან და ამით ცოტა ცინიკურად გვითხრა: სიყვარული მხოლოდ მაშინაა მარადიული, თუ მას მწვერვალზე სიკვდილი მიუსწრებს. ჰო, 30 წლის რომეო ალბათ ჰამლეტს დაემსგვასებოდა.
ამიტომაც, ფორმულები უნდა წავშალოთ. უფრო სწორედ, მხოლოდ მე და შენ უნდა დავრჩეთ, მხოლოდ პლუსით. თუ რას ვუდრივართ, ამაზე დრომ იმტვრიოს თავი – ხვალ, ზეგ და მაზეგ.

– სიყვარულის დუმილით ახსნა ან დუმილის სიყვარულით –
სიტყვებს ვთლი და ჭერში ვაწყობ. ზამთრისთვის ვინახავ. ჯერ ხომ ისევ გაზაფხულია – დუმილიც გვყოფნის. ვზივართ, ერთმანეთს არ ვუყურებთ, შორს ვიყურებით და იქით, შორსაც უფრო ცხადად ვამჩნევთ ერთმანეთს – ალბათ ეს არის სიყვარული. ასე, სიჩუმით და იოლად ვუხსნით ერთმანეთს – გრძნობებზე თასმებს, ფიქრზე ჯადოს – ბოლოს სიყვარულს. მიყრდნობილი ერთმანეთს ჩრდილით, ამ დიდ სიჩუმეს ვაკვირდებით, ვუსმენთ, რომ მერე ისევ ერთმანეთს ჩავაბაროთ სადმე ზეპირად. მერე, ზამთრისთვის. სიტყვებს რომ ვთლი და ჭერში ვაწყობ. ჭერში ვინახავ.

–ხელის თხოვნა. წელიწადის დროები–
მე არ ვესწრებოდი შენი თვალების გაზაფხულს, როცა ის ამწვანდა და სხვა ქარები აშრიალებდნენ. მე მოვედი ცოტა გვიან, ოღონდ არავის ნაკვალევზე. სულ სხვა გზით მოვედი და მინდა ადრე, მომავლისთვის მონაგონი განაჩენი გაგიმეორო: შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო – ერთად მინდა მოკვდეთ ზამთარში.

-სიყვარულის სხვა გაკვეთილი-
მასწავლებელი როცა გადის, გაკვეთილს ვიწერთ: შენ ჩემი გულის გაკრულ ცემას კითხულობ და სუნთქვით მაბარებ. მე შენს სუნთქვას ვიზეპირებ – უკან გიბრუნებ – რაც ნიშნავს, რომ თანაბრად და მღელვარედ ვსუნთქვათ.რაც ნიშნავს – უკვე ვეღარ გვერთულება სიყვარულის გაკვეთილები, რადგან გრძნობები ისე ზუსტად გადავიწერეთ, ეგებ და ვინმეს გამოადგეს კიდეც ნიმუშად.

-სიყვარულის ინსტრუქციები-
1. ნუ დაიჯერებ, რომ ღამეებს ვათენებ შენთვის,
2. ნუ დაიჯერებ, რომ ღრუბლებში ვიცხოვრებთ მუდამ,
3. ნუ დაიჯერებ, რომ ცამდე სწვდება ჩემი სიყვარული,
4. ნუ დაიჯერებ, რომ თავს მოვიკლავ, თუ სადმე წახვალ
ნუ დაიჯერებ, რადგან მიყვარხარ.
1. სიყვარული ძილს უნდა ჰგავდეს, დაგვეძინოს და არ გაგვეღვიძოს. და მერე ერთად გამოვთალოთ საგზლად სიზმრები. ამიტომაც არ ვათენებ ღამეებს შენთვის
2. სიყვარული მიწაზე უნდა ეგდოს, მიწას სუნთქავდეს, თორემ ერთხელ ჩაგვივლის და ვეღარ გვიცნობს, ვეღარ გვიყნოსავს – ჩვენ – მიწისგან შექმნილ არსებებს. ამიტომაც არ ვიცხოვრებთ მუდამ ღრუბლებში.
3. როგორ უნდა გაზომო სიყვარული,
როცა ნაბიჯებით ითვლი
ნაბიჯებით ითვლი და მუხლი გეკეცება, სანამ მიაღწევ.
ამიტომაც არავინ იცის მისი სიგრძე.
ამიტომაც ნუ დაიჯერებ რომ ცას წვდება სიყვარული, თუნდაც მეათეს
4. ხან სიყვარული ისე მაღლაა —
თავის მოკვლაც აღარ გინდება,
ამოსული სულიც ვერ შეწვდება იმ სიმაღლეებს.
ამიტომაც შენს თავში ზიხარ,
მოწყენილი. უიარაღო.
ამიტომაც არ მოვიკლავ თავს შენთვის, ამიტომაც – რადგან მიყვარხარ.