– დაბადების თარიღი…
– 1984 წლის 10 აპრილი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– ბევრი რამ, რაც მაშინ ყურს მოესმა: ფეხბურთელი, მღვდელი, დიპლომატი და კიბერნეტიკოსიც კი. ბოლოს მწერალი გამოვედი.
– ჩემზე ამბობენ…
– ყველაფერს.
– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…
– ფიზიკას და მათემატიკას უკეთ ვისწავლიდი.
– ჩემი პირველი წარმატება…
– იყო, როცა მესამე კლასში შორეულ სკოლაში მარტო წავედი, მაშინ დავინახე დამოუკიდებლობის სირთულეც და ძალაც.
– ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის…
– წინააღმდეგობრივი განცდებით სავსე ბავშვობას.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– ბედნიერების განცდა მიჭირს, მარად მშფოთვარე ხასიათის გამო თუმცა მინდა დავისწავლო.
– ჩემი სავიზიტო ბარათია…
– დანებების გადავადების ძალა.
– ყოველთვის მაქვს სურვილი…
– ვისწავლო.
– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…
– შურისძიების სურვილის გაუქმების უნარი.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ (შეიძლება არც ვცდილობთ) გამოვასწორო…
– სიჯიუტე.
– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…
– რომ შეცდომები გარდაუვალია და ხვალაც დავუშვებ.
– პატიება შემიძლია, თუ…
– სიტყვის ძალის მჯერა, ჩემთვის “ბოდიში” თითქმის ყველა შეცდომას აუქმებს.
– როცა მომავალზე ვფიქრობ…
– ვიბნევი.
– ვნანობ…
– რამდენიმე ადამიანთან უმცირეს კავშირსაც კი. ახლა ეს განცდა მაქვს, ხვალ შეიძლება ეგეც გამომადგეს.
– ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო…
– სურებში, ჩემი ხის სახლის აივანზე, ზაფხულის ბოლოს. ეს სულ მინდა ასე იყოს და შესაბამისად, ახლაც.
– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…
– საკუთარ თავს.
– მეზარება…
– ეს ფუფუნება ცხოვრებამ წლების წინ გამიუქმა.
– სიყვარული ეს…
– არის ამბიცია, ცოცხალ არსებაზე მეტად ყოფნის.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– საბავშვო ბაღში ვიყავი.
– მამად გახდომის მოლოდინი….
– ჯერაც ბუნდოვანი განცდაა.
– მაკვირვებს…
– ის, რაც კანტს აკვირვებდა და ეს გაკვირვებაც მაკვირვებს.
– ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს…
– განცდამ, რომ სიცოცხლე საზღვრულია.
– ვრისკავ…
– ძალიან ხშირად, მათ შორის ჩემი მენტალური ჯანმრთელობის საზიანოდ.
– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე…
– მომწონს ჩემი სისუსტეები, ძალად და ადამიანად ყოფნის ნიშნად მიმაჩნია.
– ვამაყობ…
– რომ ბევრი ამბით სავსე ცხოვრება მაქვს, არასტერილური.
– ბოლოს ვიტირე…
– რომელიღაც ფილმის ფინალზე ან მუსიკაზე.
– როცა საჯაროდ მაქებენ…
– უცნაურია, მაგრამ მრცხვენია და მინდა სასწრაფოდ დასრულდეს, არადა, გარეგნულად, ალბათ, სოციალური ნარცისის შთაბეჭდილებას უფრო ვტოვებ.
– მეშინია…
– მიჯნის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
– ხშირად მსაყვედურობენ…
– რომ ვჩქარობ.
– დღემდე ვერაფრით გავბედე…
– ზომიერების სიმამაცის დაუფლება.
– ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია…
– უცხო ადამიანის ღიმილიც კი. ვინც ამას უარყოფს, ან ცრუობს, ან უღიმილობისთვის არის განწირული და თავს იიმედებს.
– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…
– უკვე აღარაფერს.
– ვუფრთხილდები…
– აშენებულის ბზარებს.
– დღემდე ვერაფრით ვისწავლე…
– მშვიდად ორ წუთზე მეტს გავწვდე.
– ვიტყუები…
– იმ შემთხვევაში, თუ ტყუილი ვინმეს დიდ დარდს აარიდებს.
– პიროვნული თავისუფლება არის…
– თავისუფლების გაგებას გააჩნია და მერე პიროვნებას. პერსონალური ამბავი მგონია თავის უფლად ყოფნაც და თავის დაუფლებაც.
– ინტუიცია…
– ჩემზე მეტი ჩემს ძაღლებს აქვთ.
– როცა მარტო ვარ…
– ვცდილობ მტანჯველი ფიქრების ასხლეტაში ვივარჯიშო.
– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…
– სიმშვიდეს გამოვიგონებდი.
– რამდენიც არ უნდა გადამიხადონ…
– ამ მრავალწერტილის მიღმა უამრავი წინადადებაა – ბევრი ტაბუ მაქვს: სოციალურიც და პირადიც, რომელსაც ფული ვერაფერს უზამს.
– მენატრება…
– დრო, როცა თოვას იწყებდა და მე ცას ავყურებდი, ღრუბლით სრულად რომ შევსებულიყო.
– ვაგროვებ…
– თავგადასავლებს.
– ბედისწერა…
– ვერაფერს გეტყვით, მგონი, ჩვენ ვართ მისი მჭედელი და ცოტაც შემთხვევითობაა.
– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– სულ დაძაბული პერიოდია ჩემთან, ამიტომაც თანაცხოვრება ვისწავლე.
– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…
– არ მახსოვს ასეთი არაფერი, ან ბევრი მახსოვს და მთავარი არც ერთი არ არის.
– დაბოლოს, გეტყვით…
– “რადგან კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა”, – სიცოცხლე გვმართებს!
კვირის პალიტრა
თამუნა კვინიკაძე