კაცმა რომ თქვა და თქვას გულწრფელად – ჩემს ბავშვობაში ნაძვის ხე უფრო იყო, ვიდრე ჩიჩილაკი. ჩიჩილაკი იყო ალაგ-ალაგ და მერე უფრო მომძლავრდა. თუმცა კალანდა იყო აუცილებლად. და კალანდას სუფრაზე ღორის თავი, რომლის ყბასაც მერე მოხურულაში ინახავდნენ, ვინიცობაა, ყბაყურა დამართნოდა ვინმეს, მაგ ყბას მიადებდნენ და შეუკონავდნენ. კაცმა არ იცის, შველის რამეს თუ არა, მაგრამ კაცმა რატომ უნდა იცოდეს, ეგეთი ცოდნები უფრო ზეციერისაა.
როგორც ყველა რიტუალი. კალანდა რიტუალია. ახლის მოსვლით ძველისგან განწმენდის საქმე. ერთგვარი ფერისცვალება. ახალი წლის მაგიაც ხომ ეგ არის. ძველია ამბავია კალანდა. ზოგის განსჯით ანტიკური. როგორც თვითონ ჩიჩილაკი. მერე ქრისტიანობას შეენივთა – ბასილის წვერები, ბასილები და სხვა.
ერთხელაც, კალანდასთან ახლომოახლო – რვაში თუ ცხრაში, იანვარს, დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ. გინდა შეივსოს ის პატარა, ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს. „შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე” მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი – ბავშვობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი დასათოვლი გახდა. ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვარ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე. ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო. და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლო-ბოლო. და თოვს. მაგრამ გოგო შორსაა. შორს რა – ალბათ ხუთი კილომეტრით იქით. და გოგოს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. და მე ნელ-ნელა ვბრაზდები. ვიწყენ. წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს. და ვთხზავ – ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ. მოტაცება მაშინ საქებარ საქმედ მიიჩნეოდა, ახალთათვის რომ ვთქვათ.
„ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა”. სწორად მოგესმათ – ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთებს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი. ნაღდი სიყვარული დასათოვლი სახლით.
თოვლზე კიდევ ბებიაჩემის თავშალი მახსენდება, თვალებზე რომ მცემდა, პურის საყიდლად რომ მივდიოდით და ზურგზე ვყავდი მოკიდებული. საშინლად აყრიდა წვრილ ფიფქს. დადებისთვის განწირულად. და მივყავდი ზუკუტურით ანუ ზურგზე მოგდებით ბუკაკიეს საცხობში. ეს საცხობი ტოლი იყო საზღაპრო ადგილების, საიდანაც ან უკვდავების წყალი მოგქონდა ან სიმდიდრის მარგალიტი. და მე, 8 წლისას, სიხარული მგუდავს – სხვა სიხარული. პურის კი არა, სანახაობის.
და თოვლზე მახსენდება „ტრუბების” გამობერტყვა, როცა „ბოლს” აღარ ატარებს და სახლი იჭვარტლება.
და თოვლზე მახსენდება გზის გაკვალვა ჭიშკრამდე, საგანგებო ხის ამოსაცმელებით, რომელსაც თხილამურებს ეძახდნენ.
და რომ ბაკურიანში კი ვერ მივდიოდით, მაგრამ კიბეები და დაღმართები იყო ჩვენი ბაკურიან-გუდაურ-შვეიცარია.
და ის, რომ ალბათ სადღაც, თოვლის ბაბუის ნაცვლად, სახით კი მისი მსგავსი აკაკი წერეთელი იდგა და ირონიულად ჩურჩულებდა: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?” – ახალ წელს თოვლი არასდროს მოდიოდა. ეს იყო სამყაროს ყველაზე დიდი აცდენა და უსამართლობა. თუმცა იმ წელს მოვიდა და კალანდამდე გასტანა.