დუშეთი

ბელა წვერაძის წიგნზე ვწერ წინასიტყვას. ბელა ნაზი შამანაურის ბავშვობის მეგობარია და ამას გარდაც ბევრი ვინმეა. ეს წიგნი, თუ დუშეთი გინდათ გაიგოთ, წაგადგებათ. ჰოდა, ამ წერისას დუშური გაზაფხულ-ზაფხული გამახსენდა – ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და მაქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი, ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდელია და ქუხილის ხმა ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთი მისი ცქერის – ზურგზე უნდა იწვე და ისე უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.