2015 წელს, 28 დეკემბერს, ჯერ მამაჩემი, ორი დღის შემდეგ კი, მასზე დარდით – ბებიაჩემი გარდაიცვალა. ამ საზარელ ტკივილზე ბევრჯერ მოგიყევით, მაგრამ ახლა იმას მოგითხრობთ, თუ როგორ დამაბრუნა სიცოცხლემ უკან. თოვს. მამაჩემი უკვე დავკრძალეთ და ბებიაჩემის პანაშვიდი დაიწყო. ამბავი და ამინდიც მხოლოდ სევდას გვკარნახობს. ვდგავარ შესასვლელში მობუზული და მომსვლელებს ხელს ვართმევ. ისინიც მიახლოვდებიან მწუხარე სახით, მტევანს მტევანზე მიჭერენ, ვიზიარებო მეტყვიან და უცბადვე, ოდნავ ხმადამბლა და ფრთხილად მოაყოლებენ: ,,და შენ როდის აპირებ?!” ვინმე უცხოელს რომ ეს სცენა ენახა, იფიქრებდა, რომ ბებიაჩემის და მამაჩემის კვალად, უკვე ჩემი რიგი იდგა და ამას მეკითხებოდნენ. მაგრამ მე ქართველი ვარ, მეტიც – გურული და იოლად ვხვდებოდი, ცოლის მოყვანას რომ გულისხმობდნენ. ამ ლინგვისტურმა თამაშმა უცებ ხელი მკრა და ამხელა დარდის კაცი გამაცინა. მართალია გულში, მაგრამ ხმამაღლა ვიცინოდი და ყოველ ასეთ შეკითხვზე ვხვდებოდი, როგორ ბრუნდებოდა სიცოცხლე ჩემთან – უცნაური და შეიძლება მიუღებელი, მაგრამ მაინც გარდაუვალი გზებით. ეს არის გურია. ის მდარე და უგერგილო ანეკდოტები კი არა, მოკოლორიტო ხალხი რომ ყვირილით ყვება, ეს – უცაბედი და მხოლოდ შენთვის გასაგები ამბები, რომელიც მოყოლით ისეთი ვერ გამოდის, როგორიც იქ და მაშინაა.