შობის სიმღერა-,,ძველი სიღერები”

შენ შეგიძლია დაინახო ღმერთი ცაში,
თუ მიწაზე დაინახავ ჭიანჭველას,
ძაღლს
და ადამიანს.
სხვანაირად შეუძლებელია ღმერთის დანახვა.
სხვანაირი ღმერთი არ არსებობს.
მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ
ძნელია დაინახო ჭიანჭველა,
როცა სამსახურში გაგვიანდება,
ძნელია დაინახო ძაღლი,
როცა პაემანზე გაგვიანდება,
ძნელია დაინახო ადამიანი,
როცა სხვა ადამიანთან გაგვიანდება.
ამიტომაც ვერასდროს ვხედავთ.
დღეს შობაა.
ჩვენთან შობაც გვიან დგება და ლამაზია გვიანი შობა.
და ალბათ მხოლოდ შობაა გვიანი ლამაზი.
დღეს შობაა.
და შობადღე სულ მშვიდია,
ქარი – ღრუბლიან ზეცის სანიშნე,
ამინდს ფრთხილი სევდით ფურცლავს.
მე ვზივარ აივანზე და მინდა ღმერთი დავინახო,
მაგრამ ვხედავ წითელ მატარებელს,
რომელიც ზანტად მიდის და მატარებელს შეგნებულად აგვიანდება.
აქ, ამ ქვეყანაში
და სამყაროში ყველაფერი გვიანია.
შემოდგომაც კი გვიანი მახსოვს –
მზე ხეთა ჩრდილებს გუბეებში როცა ახრჩობდა
და გუბეები ივსებოდნენ ყვითელი სისხლით.
იდგა ნოემბერი.
ფოსტალიონი მოდიოდა გვიან.
მამაჩემიც მოდიოდა გვიან.
შუქი მოდიოდა გვიან.
ჩვენ ვწვებოდით გვიან და
მე სკოლაში ვაგვიანებდი.
ზარი ირეკებოდა გვიან.
სიყვარულში ვუტყდებოდი გვიან,
რადგან სიძულვილში მიტყდებოდა გვიან.
ყველაფერი გვიან იყო და გვიან არის.
მხოლოდ კურდღელი დგება ადრე,
ისიც იმიტომ, რომ მწევარი არ დაეწიოს.
შობის სიმღერა