საქართველოს ევროპული მომავლის გადახედვა საქართველოს რაობის გადახედვაა ისტორიის რუკაზე.
ეს არის ანტიკურობის იდეის გადახედვა, არის მირიან მეფის არჩევანის გადახედვა თხოთის მთაზე ქრისტიანობის სასარგებლოდ, არის ეგრისის კრების დასკვნის გადახედვა, იოანე პეტრიწის ფიქრის გადახედვა, გრიგოლ ხანძთელის შრომის გადახედვა, დავით აღმაშენებლის ღვაწლის გადახედვა, თამარ მეფის ქვეყნის გადახედვა, “ვეფხისტყაოსნის” აზრის გადახედვა და მისი მთავარი მეტაფორის – სამყაროს ცენტრში მდგომი ადამიანის, გურამიშვილის ოცნებების გადახედვა, სულხან-საბა ორბელიანის გზის გეზის გადახედვა, ერეკლე მეფის ჭრილობების გადახედვა, სოლომონ დოდაშვილის სიბრძნის გადახედვა, ბარათაშვილის დარდის გადახედვა, დიმიტრი ყიფიანის გულის გადახედვა, ილია ჭავჭავაძის გონების გადახედვა, აკაკი წერეთლის ,,სულიკოს’’ გადახედვა, ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაურის” გადახედვა, ნიკო ნიკოლაძის გეგმის გადახედვა, ამბროსის ხელაიას და კირიონის აღსასრულის გადახედვა, ექვთიმე თაყაიშვილის მოთმინების გადახედვა, მარო მაყაშვილის წერილის გადახედვა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლის გადახედვა, ცხრა აპრილის სისხლის გადახედვა. ანუ ეს არის გადახედვა იმის, რანიც ვართ და რანიც ვიყავით.
ამიტომაც არის სადღაც ხაზი, რომელიც წითელია და წითელია ქართული სისხლით. ამ ხაზს ვერავინ გადაკვეთს.