ახალი სიმღერები-ძაღლის სიმღერა

25.09.2024
როცა ძაღლები ძილში კანკალებენ,
მაშინ ესიზმრებათ,
რომ ადამიანები არიან
და ეს არის მათი ღამის კოშმარი.
რადგან ძაღლები ვერ ხვდებიან რა არის ღალატი,
რა არის სიცრუე,
რა არის ორგულობა,
უმადურობა რა არის,
რა არის სიყალბე,
რა არის შური
და ძაღლები შიშით კანკალებენ.
ეს არის მათი ღამის კოშმარი.
ძაღლებმა იციან, რომ მათი სიყვარული ყოველთვის ცალმხრივია,
რადგან სიყვარული, რომლითაც უყვართ,
ადამიანს არ გამოუცდია და ვერც გამოცდის,
რადგან როცა ადამიანს ცალმხრივად უყვარს – იტანჯება,
ძაღლი კი – არა.
ძაღლებს სხვანაირად ტკივათ.
როცა ტკივილს ყავარჯნად სიტყვები არ აქვს,
ტკივილზე მეტია.
როცა მე და ჩემი ძაღლი ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ,
მახსენდება,
რომ რაღაც უცნაური უსამართლობით,
შეიძლება, მასზე დიდხანს ვიცოცხლო.
წარმოვიდგენ;
წევს და სადღაც შორს იყურება,
თითქოს რცხვენია, რომ ვერ დგება და დრუნჩს ვერ მადებს,
თითქოს თვალს მარიდებს
და ბოდიშს მიხდის.
ოდნავ გააქანებს კუდს,
რომ სიხარული ითამაშოს,
სულ ოდნავ და
ხვდება,
რომ არ გამოსდის.
ეს არის და მერე მე
ფიქრებში სიკვდილს აღარ ვაცლი,
რადგან არის ფიქრები, რომლის გაძლებასაც ვერავინ გაიძულებს –
თუნდაც შუაღამე იყოს,
გავდივარ, ვაღვიძებ და ვეხუტები.
თითქოს ეს გაღვიძება
დროს ყინავდეს
და სიმართლე არ იყოს ჩემი წარმოდგენა,
ჩემი სასტიკი წარმოდგენა,
ჩემი უსასოო წარმოდგენა.
მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს,
დამშეულ ძაღლებს,
იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს.
,,გაწუწკდა და მოსაკლავია” – ამბობდა ადამიანი,
გამოჰქონდა თოფი და უმიზნებდა.
ძაღლი უყურებდა პატრონს
და პატრონი უმიზნებდა.
ბებიაჩემი ყურებზე ხელებს მაფარებდა, მაგრამ
თითების ღრიჭოებში მაინც აღწევდა გაკვირვებული წკმუტუნი.
და კლავდა ძაღლს ადამიანი,
ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე,
კლავდა სიწუწკისთვის,
მერე მარხავდა
და თოფს წმენდდა
ბინძური მზერით.
იმ ცხოვრებაში, ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს
და
იმ სამყაროში რადგან ყველაფერი უკუღმაა,
უკუღმაა ანდაზებიც
და იმ სამყაროში
,,პატრონი ძაღლს ვერ ცნობს”,
რადგან ძაღლი იქნება თეთრი ფრთებით და ძაღლს ლაპარაკი ეცოდინება
და ძაღლს პატრონი ეყვარება,
ძაღლს თავში ტყვიით და ზურგზე ფრთებით.
საკუთარი მკვლელი ეყვარება,
რადგან ხომ გითხარით,
ძაღლს რომ უყვარს,
ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია
და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია.
ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი
და ძაღლი – ძაღლი.
-ძაღლის სიმღერა-
ეძღვნება ცუგის და კუსას
“რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?”
ეკლესიასტე
,,როცა მე ფრთხილად განვიხილავ საკვირველ ჩვევებს ძაღლებისას,
იძულებული ვარ გადავწყვიტო,
რომ ადამიანი საუკეთესო ცხოველია.
ხოლო როცა მე ადამიანთა საკვირველ ჩვევებს განვიხილავ,
ვაღიარებ მეგობარო, მე ვცბუნდები”
ეზრა პაუნდი
კუსა ისე მოვიდა, როგორც ცუგი. ეგ იყო, რომ ცუგი ჩემმა მეგობარმა უფრო შემოიფარა, ვიდრე მე – რადგან მე იქით შესაფარებელი ვიყავი მაშინ. შესაბამისად, მე და ცუგი გვიან დავმეგობრდით. კუსა კი წელიწადია რაც მესტუმრა. ცალ ფეხს საერთოდ ვერ დგამდა მიწაზე. ძალიან შეშინებული იყო. მცემესო კუსამ და შენიც მეშინიაო. საჭმელს რომ მაწვდი, მგონია, რომ წიხლი უნდა მოაყოლოო. და გარბოდა. თავიდან, ვიფიქრე, გავაჩუქებ მეთქი – ცალკე ჩემი შინაგანი ძალა რამდენად გაწვდებოდა ორ ძაღლს არ ვიცოდი და ცალკე ცუგი როგორ იგუებდა. არვინ იჩუქა. კუსა ცხოვრობდა ჭიშკართან. საჭმელს ვდებდი და მე თვალს ვეფარებოდი. ის ფრთხილად მოდიოდა და ჭამდა. ხელი პირველად ორი კვირის შემდეგ ჩამოვართვით ერთმანეთს. ,,გიორგი” – ვუთხარი ძაღლს ჩემი სახელი. ძაღლი დაიბნა. აღარ ახსოვდა რა ერქვა. ,,მაშინ დაგარქმევ სახელს, რომელიც ბაშვობისას მეგონა, რომ ყველა ძაღლს ერქვა – კუსას.” და მე და კუსა დავმეგობრდით. ცუგი და კუსაც. ცუგი – ჰასკია. კუსა – მეტისი. ახლა ის უკვე ჩვენთან ცხოვრობს. ფეხიც მოურჩა და შიშიც.