თომა სკოლაში მიდის

-თომა სკოლაში მიდის-
დილით, როცა ცხრათვალა მზე სამ თვალს ძლივს ახელდა, ისე ეზარებოდა გაღვიძება, ბებია თომას საწოლთან დაიხარა და ფრთხილად უთხრა: ,,ადექი, ადექი! დღეს დიდი დღეა! ახალი ცხოვრების კარის გასაღები უნდა მოგცე!”
თომას ბებია, აგერ უკვე მეოთხე წელია, შვილიშვილების ფრთხილად გაღვიძების ჩემპიონია მთელ საქართველოში. ოთხი? არა, გატყუებთ! ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა და ისიც იმიტომ, რომ თომა იმ ღამით ძალიან გვიან დაბრუნდა ჯუჯების სამეფოდან და ლოდინით გაბრაზებულმა სიზმრებმა აღარ გამოუშვეს.
თომამ თვალი გაახილა და დაინახა, რომ ბებიას ცალ ხელში ოქროსფერი ორცხობილა და ცალში კი ჩანთა ეჭირა.
სკოლაში მივდივართ! – ერთდროულად წამოიძახეს ბებომ და შვილიშვილმა.
რა აღარ ენახა თომას – ბავშვთა ქალაქის შოკოლადის შენობები და ფერადი ხეების შუქნიშნები, ჯუჯების სამეფო და ბუ ბაიბურას უზარმაზარი ბუდე, სათამაშოების სასახლე და ჯადოქარი ჯონდოს უკუღმა გადმოტრიალებული სამუშაო ოთახი, მაგრამ სკოლა ყოველთვის ყველაზე დიდებულ და საოცნებო ადგილად წარმოედგინა.
ამიტომაც ძალიან ღელავდა თომა. თავში ათასი კითხვის ნიშანი უტრიალდებდა. კითხვის ნიშნების საქმე კიდევ ხომ იცით, საოცრად მოუსვენრები არიან და არც შენ გაძლევენ მოსვენებას, სანამ პასუხების კანფეტებს არ შეახრამუნებენ.
წავედით, წავედით! – დაიძახა ბებომ, რომელმაც სპეციალური ეკრანი ჰქონდა, სადაც თომას ფიქრებს ხედავდა – მაგ კითხვის ნიშნებს გზაზე დავურიგებთ პასუხების კანფეტებს!
მზეს უკვე ცხრავე თვალს დაეჭყიტა, როცა სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ.
– ყველა, ვინც გზაზე შემოგხვდება, გამარჯობა უნდა ვუთხრათ! – დაარიგა ბებომ თომა სახლიდან გასვლისას.
– ყველას? ავყანყალას და სიტყვაყლაპიასაც?
– კი, ყველას. ზრდილობის მათემატიკაში ასე წერია. თუ ადამიანთან შეხვედრას გამარჯობას გამოვაკლებთ, უზრდელები ვიქნებით.
– – ჯუჯებთან შეხვედრასაც?
– კი, ჯუჯებთან, ფერიებთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, დიდებთან და პატარებთან. გამარჯობა აუცილებელია!
პირველად გზაზე თუთა და დედამისი გამოჩნდნენ.
გამარჯობა! – შორიდანვე დაუძახა თომამ თუთას და ისე ხმამაღლა, რომ მიწიდან თხუნელა თხუპნიამც კი თავი ამოყო და ნამძინარევი ხმით გამოსძახა: გამარჯობა თომა! ამ დილაადრიან საით გაგიწევია?!
– სკოლაში! – ერთად უპასუხეს მხიარულად თომამ და თუთამ.
– ეჰ, კიდევ კარგი, თხუნელების სკოლა შუადღისას იწყება, თორემ რა ადგებოდა ასე ადრე! – ჩაიბურტყუნა თხუპნიამ და თბილ ლოგინს ზმორებით დაუბრუნდა.
გზაზე ბავშვებს ნიკა ლო, მარი ლა, ძაააააალიან შავთმიანი ნინი და ცოოოოოტა ლოყაწითელა გიო შემოურთდნენ, სკოლის ეზოში კი უამრავი პატარა დახვდათ. მათ თომა არ იცნობდა, რადგან ბავშვები შორეული ქუჩებიდან იყვნენ.
ეზოში უზარმაზარი, ფერადი სცენა იდგა. სცენაზე მოცეკვავე ბუშტები მიმორბოდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ. გინახავთ ბუშტები, რომლებიც დარბიან და თან იცინიან? ისინი საბუშტეთის შორეულ სოფელში ცხოვრობენ და იქიდან მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა სკოლა იწყება და ბავშვებს უნდა შეხვდნენ. ეს სექტემბრის ერთ ჯადოსნურ დღეს ხდება. სხვა დროს ბუშტები საკუთარ სოფელში მართავენ კონცერტებს და იქ მოხვედრა იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ვთქვათ, რომელიმე მთვარის ჭრელა-ჭრულა ტყეში. რა, მთვარე რომ ბევრი იყო და იქ ტყეებია, ეგ არ იცოდით? ეჰ, კარგი, მაგას სხვა დროს მოგიყვებით.
როგორც ამ სცენიდან ერთმა მაღალმა ქალმა, რომელსაც თვალები საახალწლო ნაძვის ხის ყველაზე ახალი ნათურასავით უბრწყინავდა, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ სკოლაში შესვლა ორ აუცილებელ წესს გულისხმობდა: ერთი სკოლის ფიცის დადება იყო, მეორე კი შესასვლელი ბილეთის შეძენა.
,,ყველა ბავშვი ჭკვიანია! ყველა ბავშვი ლამაზია! ყველა ბავშვი კეთილია! რადგანც მე ლამაზი და კეთილი ვარ, ესე იგი ლამაზი და კეთილია სხვაც! ჩვენ ხომ ერთი სახელი გვქვია და ამ სახელის ჯადოქრობის ძალა ეს არის – ყველა ბ ა ვ შ ვ ი ჭკვიანი, ლამაზი და კეთილია! ასე წერია ბავშვობის სახელმძღვანელოში და ეს არის ჩვენი საზეპირო ფიცი!’’ – გამოაცხადდა ქალმა.
– ეგ ადვილია! – წამოიძახეს ბავშვებმა – ეგ ისედაც ვიცით! ბილეთები სად იყიდება?!
– ოოო, ბილეთები? ბილეთები აქვე და თან ძალიან ძვირი, თან ძალიან იაფი ღირს!
– ეგ როგორ? – გაუკვირდათ ბავშვებს.
– კი. თან ძალიან ძვირი და თან ძალიან იაფი – ერთი კეთილი სიტყვა!
– ერთ კეთილი სიტყვა? – ახმაურდნენ ბავშვები – რამდენიმე იყოს!
– არა, ერთი კეთილი სიტყვა ასე მარტივად წარმოსათქმელი არ არის! თან უცნობს უნდა უთხრა და თან გულწრფელი იყოს!
– შევძლებთ, შევძლებთ! – აჟრიამულდნენ პატარები და მართლაც, იმ დღეს უამრავი კეთილი სიტყვა გაიცვალა, იმდენი, რომ უფროსებსაც კი დაავიწყდათ, დედამიწაზე ბოროტი სიტყვები საერთოდ თუ არსებობდა.
სკოლაში სულ პირველად – სანამ წერა-კითხვის, ხატვის და არითმეტიკის სწავლას შეუდგებოდნენ, თითქოს ძალიან უცნაური, მაგრამ თურმე ძალიან საჭირო გაკვეთილები ჩატარდა: ერთმანეთის ფიქრების გაცნობის გაკვეთილი, ერთმანეთის ოცნებების ასრულების გაკვეთილი, გაღიმების გაკვეთილი, ბევრი კეთილი სიტყვის გადაჩურჩულების გაკვეთილი და ბოლოს საჩუქრად, ორცხობილის და ჩურჩხელის გაკვეთილიც კი.
ფიქრების გაკვეთილზე ბავშვებმა გაიგეს, რომ შოკოლადებზე და კომპიუტერზე ფიქრს თურმე ცოტა დრო უნდა გამოვაკლოთ – ასე წერია ფიქრის მათემატიკაში. ფიქრის მათემატიკაში ისიც წერია, რომ რადგან ეს დრო გამოვაკელით, ახლის მიმატებაა საჭირო და ეს დრო ერთმანეთზე ფიქრის უნდა იყოს. ჰოდა, სანამ ასეთ ფიქრს დავიწყებთ, ჯერ უნდა ვკითხოთ ერთმანეთს: როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება? შემიძლია დაგეხმარო?
ოცნებების ასრულების გაკვეთილზე ბავშვებმა ისწავლეს, რომ ოცნება ხანდახან მარტო ვარსკვლავებზე გაფრენა არ ყოფილა – თურმე ზოგჯერ საღეჭ რეზინზე და პატარა ორცხობილაზეც ოცნებობენ ბავშვები. მთავარია, აქაც არ მოგვერიდოს კითხვის დასმა: ღამით, სანამ ძილის ფერიები მოფრინდებიან და სიზმრის სამეფოებში წაგიყვანენ, როცა რაღაც გინდა, რა გინდა ყველაზე მეტად? იმ წამის სურვილია მთავარი, სიფხიზლის და ძილის შუა რომ წამია და ვერ ხვდები, ძილის არის თუ ღვიძილის.
გაღიმების გაკვეთილი ცოტა რთული აღმოჩნდა. ხომ არის უცნაური დღეები, როცა მოწყენილი ხარ და სულ რომ ყელზე გიღიტინოს ფრთებით ბუ ბიაბურამ, მაინც არ გეღიმება. კი – არის! როგორ არ არის! ზოგჯერ ჩურჩხელა დაგიმალეს, ზოგჯერ ორცხობილა, ზოგჯერ მობილური ტელეფონი არ გათხოვეს და ზოგჯერ უბრალოდ გინდა და მოწყენილი ხარ! აი, ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა რომ სხვას გაუღიმო და როცა ისიც ღიმილით გიპასუხებს, ორცხობილაც გავიწყდება და ტელეფონიც.
კეთილი სიტყვის ძალა უკვე იცით. აგერ სულაც ერთი კეთილი სიტყვა იყო სკოლაში შესვლის ბილეთი და ბევრი რაღა იქნება? მზის ტბებს, ღრუბლების ფაზლებს, ქარებისგან დაწნულ მფრინავ ხალიჩებს – რა გინდა, სულო და გულო? ჰოდა, კეთილი სიტყვების გადაჩურჩულების გაკვეთილზე ბავშვები ისე გამდიდრდნენ, ისე, რომ მთელი სამყარო მათი იყო.
სულ ბოლო გაკვეთილი კი ჩურჩხელის და ორცხობილის იყო, მაგრამ წვენიც ბლომად სვეს. ეს ფერადი წვენები წვენიწურიას საჩუქარი იყო წვენწურწურას სოფლიდან და სულ ყლუპ-ყლუპით უნდა გესვა. სამ ჭიქას რომ დალევდი, რომელი ფერის წვენი შეგხვდებოდა, ყველაფერს იმ ფერად ხედავდი. მოკლედ ჯადოსნური ამბავი იყო და თომას გაახსენდა, რომ სკოლის შემდეგ სწორედ ჯადოქრებთან და ჯუჯებთან მიეჩქარებოდა.
გაკვეთილები დამთავრდა. კართან ბებია იდგა და იღიმოდა.
– აბა, როგორ მოგეწონა სკოლა?
– ძალიან! რაც მთავარია უამრავი მაგობარი შევიძინე, მათგან ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა ვისწავლე და ამ სიტყვებს საღამოს ჯუჯებსაც გავუზიარებ! – მხიარულად უპასუხა თომამ და ასკინკილით გაუდგა შინისკენ გზას.