ვზივარ. მერცხლების უპატრონო მახურავს ბუდე
და კვლავ ახლოა სოფლის ნაცად გზას განდობილი
თხელი ხეების კეხიანი ნაცნობი მრუდი –
ადრე ზაფხულის კაფანდარა ქარის პროფილი.
ვზივარ. გრილია მომაკვდავი ბუხრის ნაფაზი,
თითქოს ბუხარი მძინარე ღმერთს საკმეველს უკმევს –
ვვაჭრობ წარსულთან და წარსული კვლავ ძვირს აფასებს,
ჩემი ბავშვობის აუხდენელ ჯინსის ქურთუკებს.
წარსულთან ვვაჭრობ, ყიდვა მინდა კილო სიმშვიდის,
მაგრამ წარსული წონას აკლებს და ძვირს მაძალებს,
მხოლოდ ცოდვაა იაფი და წონაზე მძიმე,
რადგან სოფელში ლამაზია ყველა ტაძარი.
სოფელი უდრის გაჩერებულს კედელზე საათს
და ამიტომაც არის რთული მოთმენა სოფლის.
უდრის ყანების აღებისას მზესთან მასლაათს
და გამონაცვალს გამორეცხილს ახალი ოფლით.
სოფელი უდრის ერთმანეთის ზეპირად სწავლას
და სხვასთან სხვაზე საზეპიროს ჩუმად მოყოლას.
უდრის უზმოზე ორღობეში მშიერი ჩავლას,
ცარიელ თავლას, ნაკელის სუნს და თივის გორას.
სოფელი უდრის ახალგაზრდა ქალების მზერას,
მზერას გაქცეულს შორს, ათასი სოფლის გადაღმა,
უდრის დარდების წყალდიდობებს, მოწეულს წყევლად
და გვალვებს, ჩვენი სურვილების ტყე რომ გადახმა.
საღამოობით უმიზეზო გაშლას სუფრების
და ამ სუფრებზე უმიზეზო მოწყენის ლახვარს,
სამჯერ ადგომას სიგარეტზე გასვლის უფლებით
და ცისკენ თვალის გაპარებას და მერე დახრას.
სოფელი უდრის დაბრუნებულ ძროხების ბღავილს
და საძროხეში მთვარის შუქზე ძროხების წველას.
სოფელი უდრის ვერასოდეს შემჩნეულ ყვავილს
და ფრთხილ ღიმილებს მოყოლებულ უხერხულ ხველას.
სხვანაირია სასაფლაოდ სოფელში ყოფნაც,
იმაზე მშვიდი, ვიდრე მკვდრების ძილი და მწუხრი,
რადგან ქრისტეც კი სხვანაირად აღდგება სოფლად
და ყველა ცოდვილს გადაიყვანს მარჯვენით უფლის.
კრიტიკოს გაგა ლომიძის მარგინალია ამ ლექსზე: „სოფლის სიმღერა“ იგივე სოფლის იდილია ან პასტორალური პოეზიაა, რომელიც ჯერ კიდევ ჰესიოდედან თუ ვირგილიუსიდან იღებს სათავეს — თავისი შრომის და შინ დაბრუნების მოტივებით. მაგრამ ამ ლექსში შეცვლილია დრო და ესთეტიკა — გვიანდელი რეალიზმის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებით, რომელშიც ზოგჯერ გამოერევა ნეორომანტიკული საშინელებათა ჟანრის შტრიხები (მოლოდინით აღსავსე საფლავისა და სიჩუმის მოტივებით). ლექსში უხვადაა ცოცხალი მეტაფორები — მხატვრული ენისთვის დამახასიათებელი ეს დევიაცია: „თხელი ხეების კეხიანი ნაცნობი მრუდი“, „ადრე ზაფხულის კაფანდარა ქარის პროფილი“… სოფელი აქ არის სივრცე, რომელიც უტოლდება „მამის წიაღში“ დაბრუნებას, გადააზრებას, შეჯამებას, ანალიზს, განკურნებას — რასაც წინ უსწრებს სოფლის ოპოზიციური გამოცდილება, გარედან ყურების გამოცდილება („სოფელი უდრის ვერასოდეს შემჩნეულ ყვავილს“, რადგან ვერშემჩნევა უკვე გულისხმობს სხვა გამოცდილებას, რომელიც აქაურობისთვის უცხოა). აქ მზერა, ერთი მხრივ, თითქოს გარედან იწყება, სოფლის გარეთა სივრციდან და შემდეგ სოფლის გარე სივრციდან პერიოდულად შინაგან სივრცეში გადადის, როგორც თერაპიის და გამთლიანების ამბავი. სოფელი ზედროული სივრცეცაა — „სოფელი უდრის გაჩერებულს კედელზე საათს“. იმავდროულად, ეს სივრცე დაცარიელებულია — მერცხლების უპატრონო ბუდე, მომაკვდავი ბუხრის ნაფაზი… ჩამოთვლილია სოფლისთვის დამახასიათებელი თავისებურებები: „სოფელი უდრის ერთმანეთის ზეპირად სწავლას / და სხვასთან სხვაზე საზეპიროს ჩუმად მოყოლას“, რომელიც მეტაფორულად ჭორაობაზე მიანიშნებს; ხოლო გალაკტიონის „სიყვარულის ასე მოთმენა“ აქ გამჟღავნებულია, როგორც გვალვები, რომელმაც „ჩვენი სურვილების ტყე“ გადაახმო.”