ეს მოხდა შენი სკამის გვერდით, დაღლილ საწოლზე,
თრობის და ღვინის საათების დამსხვრევის იქით,
შენ გერქვა ეჭვით გატანჯული უნდო საცოლე
და ცრუ ექიმის მონაჭორი წამალი მიქე.
მე შემეშინდა ჩემი ჩრდილის უცხო სიმჩატის
და ჩემი წლების უსაშველოდ ყალბი სიმძიმის
და მოვიტყუე ახვეული თავი და თვალი,
სასთუმლად ენა ამოვიდე და დავიძინე.
ბილიკმა შენი ყანის თავიც უეცრად მოჭრა
და ტყის ქარქაშში ჩაეგო და თან ჩაგიყოლა
და გავდი უფალს მიბარებულ კეთროვან მორჩილს
და ცრუ ლოცვებით შეეფარე მონაზვნის ყორეს –
ტკივილი ნიშნავს – რომ იყავი ორსული სულით,
რომ გაიზარდა და შიგნიდან ფეხით გატოკებს,
რომ ტანს შეშლილი მშობიარის კივილი უვლის
და მძივისაგან გაიშიშვლე ყელი სათოკედ.
მოთქვამდნენ სხვები, მე რომ სული მოთქმა ვერ ვცადე,
სიკვდილის დილამ ჩემი მიწა როცა დაცვარა
და დედამიწაც. და მინდვრები მეათე ცათა,
მინდვრები – ჩემი უსათუო დედინაცვალი
შემომეგება, დამახვედრა წითელი პური
და უმანკოთა მყუდრო კუთხე უფლის მარჯვენით,
საცა არ არის არცა ჭირი და არცა ურვა
და მხოლოდ ზეცის უქონლობით დავიტანჯებით.