პირველად ძლიერ რომ დავთვერი, ეგ იყო ჩემი მეზობლის, მიხოიას ქორწილი. დავთვერი საგანგებოდ, რადგან ვაპირებდი მოსკოვის ქუჩაზე მისვლას და ნათიასთვის სიყვარულში გამოტყდომას. შაქრიანი ადესით დათრობა რა საქმეა, იცის ზოგმა, თან პირველად და პირდაპირ სახლში მივაკითხე ნათიას.
ნოემბრის საღამო იდგა. სიო ქროდა, ოღონდ დაკვირვებით რომ მიხვდები – ისე ქროდა და ცაზე იყო თეთრი მთვარე.
– არ გახვიდე ანზორი, ნაბანავები ხარ!!! – იკივლა ქალმა პასუხად.
– გამიშვით! – თქვა სავარაუდოდ ანზორიამ, რადგან გამოვიდა.
ანზორიას ეცვა სამი ზომით დიდი პულოვერი, პულოვერზე მოცმული ჰქონდა მოჩლალუჩი რამ, რომელსაც ,,ბეზრუკავკად” უხმობდნენ. ჩუსტებში მატყლის წინდიანი ფეხები ძლივს ეტეოდა. ლოყები გააჩნდა მარად მოელვარე – ჭარბი ღვინის სმისგან და თვალები ფრთხილად ჩამქრალი. და რაც მთავარია – ანზორიას, როგოც ჭეშმარიტ ნაბანავებ ადამიანს, რომელსაც ორი ღერი თმა მაინც აქვს შემორჩენილი, თავზე ჩულქი ჩამოეცვა. ხოლო ჩუქლის ან თუ უფრო ლიტერატურულად გნებავთ – ქალის მაღალყელიანი წინდის – ჩამოცმა მნიშვნელოვანი ტრადიციაა იმდროინდელი ყოფის – თმების გასასწორებლად.
– ბატონო ანზორი, ნათია მინდა!
– არაა ნათია სახლში, ხვარბეთშია ბებიამისთან და არც იქნება ერი კვირე!
– ახლა არა, საერთოდ მინდა! – ვუთხარი მე და თვალები მოვჭუტე ჩულქიანი თავის ფოკუსში მოსაქცევად.
– შენ ნათიას კლასელი ხარ? – მკითხა ანზორიამ.
– მე ვარ ნათიას პარალელკლასელი მიჯნური! – იყო პასუხი.
-რაი?! – შეყვირა მასპინძელმა.
-ანზორი, შემოი სახლში! მენინგიტი დაგემართება! შემოი და წეეთრევა მაგი სახლში, მაქანე ხომ არ იდგება სტოლბასავით. მთრალია ხომ ხედავ, ქართულად ვერ ლაპარაკობს! – გაისმა სახლიდან.
– მიჯნური ქართული სიტყვაა! – შევყვირე მე.
– გამევიტან ახლა გეკოს და გაგამიჯნურებ! – თავის მხრივ შეჰყვირა ანზორიამ.
– სიყვარულო ძალსა შენსა, შენ გმონებენ მეფენეც კი! – გავიხსენე არეული ნაწყვეტი კლასიკური ტექსტიდან, ოღონდ ეგ კლასიკური ტექსტი მამიდაჩემს ეკუთვნის, განა ალექსანდრე ჭავჭავაძეს – რადგან მამიდაჩემი, როგორც ქართულის ეჭვშეუვალი მასწავლებელი, წერდა სიყვარულის ასახსნელ ტექსტებს და ყველა ,,კი”, ,,მევიფიქრებ” და ,,არა” ამ ტექსტებს მოსდევდა ოთხმოცდაათიანების ოზურგეთში. და ეგენი ხომ ამ ტექსტებს, მაგრამ ბატონი ანზორიე მე მომსდევდა ხუთი წუთის მერე.
როგორი სცენაა? – მოსკოვის ქუჩის ბოლოს, გამხდარი ბიჭი გარბის და პუტკუნა კაცი მისდევს თავზე ჩულქით და განწირული ყვირილით – ,,მიჯნურს მოგცემ მე შენ!” ვერაფერი მიჯნური ,,ვერ მომცა” , როდის ყოფილა თუცა აქამომდე ანზორის სიყვარულისთვის შეეშალა ხელი. არასოდეს. და არც იქნება.