დღეს ახალციხეში ჩავედი.
იქ, სასტუმრო Akhaltsikhe Inn • ახალციხე ინნ – ის გახსნას დავესწარი და ორი ლექცია წავიკითხე: ,,ახალციხის პოლიფონია” და ,,რუსთაველის მსოფლიო”.
რომ ეს პოემა ადამიანზეა და რომ სამყარო, რომელიც უთვალავი ფერითა გვაქვს, თვითონ ადამიანშია. ერთ ადამიანში.
რომ არ არსებობენ იდეალური გმირები და რომ არ არსებობენ, ამიტომაც გახლავთ საინტერესო – რადგან ადამიანები არიან.
ადამიანი არის მცდელობა, კეთილმა სძლიოს ბოროტს, ოღონდ პირველ რიგში, სწორედ თვითონ მასში.
ადამიანი არის დათმენა: ,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ” თუ ,,მომეც დათმობა სურვილთა” ანუ თავისუფლების მოპოვება თავის დაუფლების გზებით.
ადამიანი არის ამოვარდნა. კაცი, რომელიც ,,უფროს ჯარს” მარტო ხოცავს და ლომ-ვეფხვს ერკინება, მძინარე სასიძოს მიპარვით კლავს. ამიტომაც არის ყველა ადამიანი ,,კოჭლი” (იაკობის ზმანება ბიბლიიდან). და სიკოჭლით დიადი. ასეთია ტარიელი.
ადამიანი არის უცხოს ძებნა. ოღონდ პირველ რიგში, ასე იგი საკუთარ თავს პოულობს. ეს არის კიდეც შუამდინარული – ,,სხუაი ჩემი”. ამას აკეთებს ავთანდილი.
მოკლედ – ახალციხე.