ბავშვობაში, დედულეთიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, ნატანების რკინიგზის სადგურზე, საათობით ველოდით ხოლმე ,,ელექტრიჩკას”, რომელიც, როგორც გვატყობინებდნენ, ოჩხამურში იყო გაჩერებული ძაბვის ვარდნის გამო. რატომღაც სულ ოჩხამურში ხდებოდა ეს ამბავი და ჩემთვის ეს დასახელება რაღაც მაგიურ რეფრენად იქცა – მისტიკურ ადგილად მატარებლების მიძინების. ჰოდა, აი, დღეს სწორედ ოჩხამურში (აჭარა, ქობულეთი) ჩავედით და აქაურ სკოლას ახალი წიგნები ჩავუტანეთ. ამ დაბიდან ექვსი ადამიანი შეეწირა აგვისტოს ომს და სკოლა ერთი მათგანის, გიორგი შაინიძის სახელობისაა.