საჯარო ლექცია რუსთაველის გამზირზე

26.05.2023
დღეს რუსთაველის გამზირზე ლექცია წავიკითხე. თუ ზოგად სათაურად მოვნიშნავთ, ამ პათოსისა იყო – ,,ევროპის დაბრუნება საქართველოში”. ევროპის, რადგან საქართველო არსად არ გაქცეულა საკუთარი სურვილით – სისხლით მოწყვიტეს სივრცეს, რომელთანაც ანტიკური და ქრისტიანული წარსული კრავდა, რომელთანაც გრიგოლ ხანძთელი და შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი და სულხან–საბა ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და ივანე მაჩაბელი, მარო მაყაშვილი და ივანე ჯავახიშვილი აკავშირებდა – ეს ყველა დროის უდიდესი ქართველები აკავშირებდა და ჩამოსათვლელი რომ უფრო გრძელია – ვიცი. მოწყვიტეს და ზოგი უცნაური ადამიანი დღესაც გვაჯერებს, რომ კრემლის საზარელი ჩრდილია ჩვენი აუცილებელი სახურავი. დანაშაულებების გრძელ სია რომ არ ჩავიკითხოთ, მხოლოდ ეს ამბავი უნდა გვეყოს დაფიქრებად – ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორი მთავარი თავმჯდომარე – დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე ვინ მოკლა, რატომ და როდის.
დამოუკიდებლობა ყოველდღიური ვარჯიშია – აზრის და ფიქრის – უნდა გვახსოვდეს. ამიტომაც ეს დღე – ზეიმის გარდა, შეხსენების დღე უნდა, შეხსენების საკუთარი თავებისთვის, რომ მისი გამოცხადებიდან სულ რაღაც სამ წელში ქართველივე შემოუძღვა ბოლშევიკურ არმიას, ჩვენი ქვეყნის დასარბევად და დასამონებლად – ვაი, რომ დიდი ხნით.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას!