შემომხედე!
მე სულ ვსწავლობდი. აი, ამ ვარდებისგან, ხეებისგან, გზებისგან, ადამიანებისგან. ფიქრს ვსწავლობდი და მერე ზეპირად ვაბარებდი ჩემს მოსწავლეებს. ისინი მისმენდნენ და ნიშანს მიწერდნენ. თვალებით. ყველა თვალი მახსოვს. ერთი-ორჯერ, ზოგიერთმა მზერამ ორიანიც კი გამომაყოლა. მარა მგონი, უმეტესწილად, ხუთოსანი ვიყავი. ბევრი წელი ვისწავლე ასე და ხალხს რომ ჰკითხო, მე მქვია მასწავლებელი.
ახლა, დილაობით, სკოლის ზარის ხმა მესიზმრება, წამოვდგები და გულდაწყვეტილი ლოგინზე ჩამოვჯდები. სიბერე მარტოობაში ვარჯიშია, მეტი არაფერი. მარტოობა კიდევ მერე გამოგვადგება. მერე, მერე – ასი წლის მერე. ოღონდ ამას დაზეპირება არ შველის, შინაარსიც უნდა ისწავლო. რამდენიმე წელია, საღამოებს ასე ვათამაშებ – მეგობარ კოლეგას ვურეკავ და აკაკი წერეთელს ან ვაჟას ვარჩევთ, ერთმანეთთან ხუთიოდ კილომეტრით დაშორებულებული, მაგრამ სიტყვით ძალიან და სამუდამოდ ახლონი.
მასწავლებლობაც ალბათ ეს არის – სიტყვით საზღვრის მოშლის საქმე.
დარეჯან შევარდნაძე. მასწავლებელი და მესიტყვე. ასკანა.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ტექსტი: გიორგი კეკელიძე
მალე – ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად – ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული.
#დიდიადამიანები