გიორგი კეკელიძე – სხვა გურული დღიურები – ფრაგმენტი პირველი

ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპირად იცის უმძიმესი რიტუალი – წამოდგომა შეზამთრებისას. ღუმელიან ოთახში იქ იშვიათად თუ წვება ვინმე. თუ ოდა- სახლია – ცხადია, რომ მეორე სართულზე, თუ ,,ბელეტაჟი” – ,,ფეჩიდან” რაც შეიძლება შორს. არის აქ რაღაც შუა მაზოხიზმსა და პაკაზუხობას შორის. ვინც თბილ, ყოველდღიურ ოთახში იძინებდა, თან რაცხა უცნაური ოჯახიდან იყო, თან გაუგებრად გვშურდა მისი, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო. ჰოდა, დაწოლა ცალკე და წამოდგომა ხომ ცალკე და ცალკე. ტანსაცმელი ყინვაში რომ ცუდად გაწურულს გაფენ და ზევიდან თოვლი მოუსწრებს – ამგვარის მეზობელ დღეშია.
,,სირისტია, სირისტი იქინე” და იმიტომ.
მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ვინმე წამოდგება შენამდე და ცეცხლს დაანთებს. თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთნახევარი გზა ,,სპალნიდან” ,,ფეჩის ოთახამდე”. გათბობის განცდით სავსე გზა. ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით. და თუ მოხვდებით, ვერ მიხვდებით, რომ სამოთხეა.

//

არსებობს ზაფხულის ღამის ყველაზე ზუსტი კომბინაცია – .მოღლილი ხის მწერის ჭრიალი, სულ, სულ ოდნავი, თითქოს უნებლიედ წამოცდენილი ნიავი შეღებული ფანჯრიდან, ეზოში მოლაპარაკე მეზობლების დიალოგის გაუგებარი ნაწყვეტები ხმის შემაღლებისას და მოულოდნელი გახსენება მაცივარზე შემოდებული აუცილებელი ქვითრის ან რამე მსგავსის, რომელიც ფიქრობ, რომ ნიავმა შეიძლება ჩამოაგდო და აპირებ ადგე და დახედო და აი, უნდა ადგე და გადადებ, უნდა ადგე და გადადებ და გადადებ და ჩაგეძინება.

//

წელიწადის ამ დროს ან ცოტა უფრო გვიან სოფელში უმიზეზო სუფრა იშლებოდა რომელიმე მეზობელთან. არც ნადის საქმე იყო, არც დაბადების დღე. უბრალოდ, სუფრა და მორჩა. რამდენიმე კაცი. ოთხი მეზობელი და ერთი მასპინძლის ბიძაშვილი ახლო სოფლიდან. და რადგან სუფრა გაეშალათ, საგანაგებოდ ორი ლამფა ენთო, ერთი ძველი და მეორე თურქული – სარკიანი. თუ უცებ ელნათურას წამოაბოდებდა და აინთებოდა, ლამფები არ ჩააქროთო, ჩაუწიეთო – ამბობდა ქალი. ეს ქალი წესით შუახნის იყო, რადგან მოხუცი ღუმელთან იჯდა და თავს არ წევდა. იმას, შუახნისას, სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გადაჰკრავდა, როცა დენი წავიდოდა მალე და ლამფებს ისევ აუწევდნენ. კაცმა რომ თქვას, ასეც ჯობდა. აწი იცოდნენ, რომ აღარ მოვიდოდა და მშვიდად აგრძელებდნენ სმას. ეს შეგუებული სიმშვიდე, მჟავე ადესით და კიდევ უფრო მჟავე ფიქრით, ოდნავ სახეზეც რომ ჟონავდა, დღემდე არის ყველაზე ახლო და შორეული სიმაღლე ჩემთვის. ეს გაუგებარი არაფერი, გაფანტული სადღეგრძელოებით და ცარიელი მოლოდინით. გარეთ ამინდის გადარევით და იმით, რომ ეს გადარევა იყო სულერთი. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ : არაფრად ყოფნის სიამოვნება არის უდიდესი სიამოვნებათა და უმაღლესი საფეხურთა შორის. ამას იოლად ვერ მიხვდებით და ვერ დაიჯერებთ. ამისთვის ოქტომბრის შუაში უნდა წამომყვეთ, ასე ოციოდე წლის წინ, ახლო მეზობელთან, სამი ჭიშკრის და ერთი ალაგეს გავლით.