გიორგი კეკელიძე – წერილები შენ (2018)

–სიყვარულის დახუჭობანა–
ხან შენ იხუჭები და მე გავდივარ, ოღონდ არ მეძებ. ხან მე და იგივე. რადგან ვიცით, როცა მოგვინდება, ორივე ვიპოვით ერთმანეთს, თუნდაც მზერა ჩავიბრუნოთ და დღე დაღამდეს. სხვანაირად სიყვარული ვერ გაძლებს – ხანდახან ერთმანეთი უნდა დავკარგოთ და არ ვეძებოთ. ხანდახან ერთმანეთი უნდა გამოვტოვოთ და არ ვუყუროთ. ,,გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი’’! ძახილი არ ჭირდება სიყვარულს, არც გამარჯვებული ჭირდება. ამიტომაც, ხან შენ იხუჭები და მე გავდივარ, ოღონდ არ მეძებ. ხან მე და იგივე.

–სიყვარულის გეოგრაფია–
ხან ისე ახლოს ხარ, ჩემი გულისცემა უკვე შენი გულისცემის ექოა.
ხან ისე შორს, ჩემი გულისცემა წყდება საერთოდ. ჩემთვისვე წყდება.
ხან ისე ახლოს ხარ, ერთი ჩრდილი ყოფნის ორი სხეულს.
ხანაც შორს ისე – ჩემი მზერის ჩრდილიც ვერ გწვდება.
ამიტომაც აღარ ვავლებთ საზღვრებს, არც ვიზებს ვიღებთ, არც ბილეთებს ვჯავშნით –
სიყვარული სულ შორი–ახლოა. ასეც უნდა იყოს სიყვარული. ასე უფრო სიყვარულია.

–სიყვარულის უასაკობა–
მერე, წლების გადარბენის მერე – შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ნაოჭებზე ფეხს წამოვკრავთ ან ჭაღარის თრთვილზე დაგვიცდება, ამიტომაც ჩვენ გვასწავლეს, სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს. რომ არ ბერდება. სიყვარული რომ სულ 16 წლისაა და მსგავსი ამბები. ანდა გვითხრეს, რომ სიყვარული უნდა დაძველდეს, დაბერდეს და დაჭკვიანდეს. მე კი მგონია, რომ სიყვარულისთვის კალენდარზე მხოლოდ ერთი ფურცელია, ის ფურცელი, როცა სხვებს შორის ჩვენი თავი ამოვხიეთ და ეს ფურცელი ქარმა წაიღო. არ ვიცი რა რიცხვი აწერია ამ ფურცელს, რომელი წელი.ვერ ვიხსენებ ან არ ვიხსენებ. ჩვენთვის ერთი, სხვისთვის მეორე. იმ დღეს ჩერდება. ის არის სიყვარულის ასაკი. სიყვარული ერთი დღისაა. ოღონდ ის ერთი დღე დგას სულ. დგას ან ფრიალებს. სადღაც ქარში. უკალენდროდ. უსხვაფურცლებოდ

 

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze