გიორგი კეკელიძეს ბლოგი

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტატიანა რევიშვილი ჩემი მოსწავლე იყო ევროპულ სკოლაში. ნახევარი წელია ეს საქმეც შევითავსე და პირველივე ჯგუფში ჩაეწერა. ის ტატიანა, რომლის.. აი, უნდა დავწერო რაღაც სიტყვა – სიკვდილმა, გარდაცვალებამ, წასვლამ და კიდევ ათასი, მაგრამ არაფრით უხდება არცერთი ტატიანას. ტატიანას, რომელიც როგორც მშრალი ინფორმაცია გვამცნობს, ,,თბილისში, დოლიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის მსხვრეპლი გახდა”. ის კი არადა, უკვე რამდენი დღე გავიდა და საერთოდ ვერაფერი დავწერე. სხვა ამბებს ვაქვეყნებ, არ ვიმჩნევ. ვერც შევიმჩნევ. არის რაღაც, რასაც გონება ვერ ეთანხმება, რაც უნდა დააძალოს ცხადმა. ამიტომაც არ წავედი სამძიმარზე. ამიტომაც ვერ შევხედე თავის დროზე გარდაცვლილ მამაჩემს და არც ვნანობ. სიკვდილს თვალი უნდა გაუსწოროო, გეტყვის ვინმე. მე კიდევ მგონია, რომ სიკვდილს რომ თვალი გაუსწორო, მაშინ დაგამარცხებს.და თუ ,,სიმართლის” დავამარცხებთ ფიქრში გოლიათს – ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ. ამიტომაც, ზუსტად ვიცი რომ ტატიანა სადღაც ახლაც დარბის, თავისი დიდი რვეულით, ლამაზი ნახატებით და ჩანაწერებით. მაქვს ერთი ვიდეო, სადაც მოსწავლეებთან ლექსის დაწერას და რეპივით წაკითხვას ვცდილობთ. სახალისო ძალიან. იქ ტატიანაცაა. ზუსტად ისე კითხულობს, როგორიც იყო. ზუსტად. ამ ვიდეოს აქ და ახლა არ დავდებ, ცხადია. მშობლებს თუ მოუნდებათ გავუგზავნი. ეს დღეები, საღამოობით უნებურად ვრთავ და ვუყურებ. ხოლო ტატიანას ოდესმე შევხვდები. სადმე, სხვა სკოლის დერეფანში. სადაც გაკვეთილზე მისვლა, ტრადიციულად მეც დამაგვიანდება და მასაც. მაგრამ მაინც ის მეტყვის სხაპასხუპით: ,,ბოდიში მასწ, ბალეტზე ვიყავი და ცოტა დამაგვიანდა”
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze