13 ოქტომბერს, გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის საჯარო წარდგენა გაიმართება

05.10.2024

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე Biblusi • ბიბლუსი – ში (თბილისი. ა.მიშველაძის #4 . ვაკის პარკთან). გაიმართება საჯარო წარდგენა წიგნისა #დედადაილია და ასევე შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან – ინგა ბენდელიან-თოფურიასთან. დასწრება თავისუფალია.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

InGa Bendeliani Topuria

Ilia Topuria

SMH Sports

 

ჭუბერი. გზის ამბავი #13
მე ირმა ჭელიძე ვარ. 22 წლის. სოხუმში დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. ომის დროს, ჩემი გუდაუთელი ბიძაშვილი გამოცდებს აბარებდა და ომის გამო ჩარჩა ჩვენთან. გუდაუთაში ბებია დარჩა, ბიძა და ბიცოლა დარჩნენ. ესენი გუდაუთაში სხვადასხვა სახლებში ცხოვრობდნენ. ბებია მეზობელთან ერთად გააუპატიურეს და აწამეს. მეზობელი 60 წლის იყო. ბებია – 86-ის. ბიცოლამ და ბიძამ დაასაფლავეს ბებია და მერეღა შეძლეს წამოსვლა.
მე სოხუმში ვმუშაობდი იმ დროს, დედაჩემიც. ძმა ომობდა. „პერემირიის“ დროს რაღაც ძვირფასი ნივთები წამოვიღეთ, გამოვიტანეთ სამშვიდობოს და მერე ისევ დავბრუნდით და ისე დავიჯერეთ ამ მშვიდობის, რომ ეს ნივთებიც ისევ წამოვიღეთ უკან. ბრძოლები რომ განახლდა, 27 სექტემბერს, ჩემმა ძმამ გამოგვიყვანა სამსახურებიდან და სასწრაფოდ ჩაგვსვა მანქანაში. საცოლეც ჰყავდა და გაუგზავნა პატარა პაზიკი – ის გოგო სოხუმის ცენტრში ცხოვრობდა. იმან თავისი ორივე დაც წამოიყვანა. ერთს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. სარძლოს დედა არ წამოვიდა, ავადმყოფ მამიდასთან ერთად დარჩა. სარძლოს მამა მანქანით ქვედა წებელდაში შეგვხვდა. შვილები რომ დაინახა, გაგიჟდა სიხარულისგან – გარდაცვლილები ეგონა, რადგან წინა დღეებში სოხუმის აეროპორტში მიიყვანა თბილისში გასამგზავრებლად და ის თვითმფრინავი ააფეთქეს. ასე მოხდა, რომ აღარ ჩასხდნენ იქ. ჰოდა, გადაგვსვა ჩემმა ძმამ მომავალი სიმამრის მანქანაში და თავად დაბრუნდა საომრად. გზაში გავიცანით ერთმანეთი. სარძლო და მისი ნათესავები. წესით, სუფრაზე უნდა გაგვეცნო სოხუმში და აი, ასე გავიცანით. განვაგრძეთ გზა საკენამდე მანქანით. სულ ბეწვის ხიდზე გვატარა ჩვენმა მძღოლმა, გვეგონა, ხევში გადავცვივდებოდით. მალე უკვე პატარა მანქანით არც წაისვლებოდა. დაგვიღამდა. ხალხმა ტყეში დიდი კოცონი დაანთო. ვის რაც ჰქონდა, იმას ჭამდა და ერთმანეთს უნაწილებდა. სარძლოს სვანმა ნათესავმა ჩხალთაში ფქვილი და თაფლი მოგვცა. ფქვილით პური მოვზილეთ და მანქანის სანომრე ნიშანზე გამოვაცხვეთ. ეს სანომრე დავდეთ ცეცხლზე „ტაფად“. ტყეში უამრავი ფოთოლი ეყარა, შემოდგომა იყო. ბუშლატა მომცეს და კოცონს მიშვერილებს ფოთლებზე გვეძინა და ეს ბუშლატა გვეფარა. დილით ერთ გაძეძგილ მანქანაში შეგვსვეს. სარძლოს მამამ ამ სიკეთისთვის მანქანის მძღოლს საგვარეულო მოჩუქურთმებული თოფი აჩუქა, რაღაც გაზეთებში ჰქონდა გახვეული და იქიდან ამოიღო. არ ვიცი, უნდა აეღო თუ არა ის თოფი იმ კაცს. ვერ განვსჯი. კუს ნაბიჯებით ძლივს მიიწევდა ხევში მანქანა. მერე გაჩერდა და ფეხით დავადექით გზას. წინ ქალი მიდიოდა, ორი მცირეწლოვანი შვილი მიჰყავდა. ბავშვები წუწუნებდნენ და ტიროდნენ. იმ ქალს მოთმინებამ უმტყუნა და რამდენჯერმე დაუყვირა ბავშვებს: ეხლა გადაგყრით ამ ხევშიო! და უცებ თვითონ გაიქცა ხრამისკენ. დედაჩემი დაედევნა და დაიჭირა. ელაპარაკა. დაამშვიდა. გადარჩა ის ქალი. ვინ წინ მიდიოდა, ვინ ჩამორჩებოდა – ვეღარ ვამოწმებდით. მით უფრო – ღამით. მე, სარძლოს და და ჩემი ბიძაშვილი დავწინაურდით. ძალიან ჩქარა მივაბიჯებდით და დავიღალეთ. დაღლილები თივის ზვინზე წამოვწექით. თან ჩამორჩენილ ოჯახის წევრებს ველოდებოდით. ისე ტკბილად ჩაგვეძინა სველ ბუშლატებში, როგორც არასდროს გვძინებია მგონი. გამთენიისას გამოგვეღვიძა და მივხვდით, რომ ჩვენები დავკარგეთ. მივდიოდით სადღაც და ვერ ვხედავდით არათუ ჩვენებს, სხვა ადამიანებსაც. ჭაობი იყო. ალაგ-ალაგ ქვებზე ფეხის დადგმით ვიკვლევდით გზას და წინ გაუგებარი უსასრულობისკენ მივიწევდით უკვე სასოწარკვეთილები. ჩვენ სამნი მხოლოდ. ერთი კაცი შემოგხვდა ცხენით. ყვირილით მივვარდით და გზა ვკითხეთ. სახე ჰქონდა წაშლილი იმ კაცს. შეიძლება ვინმე მოუკვდა ან ვინმეს ეძებდა. ეგერ, იქეთო, გვითხრა, შორეულ მთაზე მიგვითითა და წავიდა. ჩემი რძლის და ისტერიკაში ჩავარდა. ვეღარ ვამშვიდებდით. ის ცხენიანი კაციც რომ მიეფარა თვალს, მთლად მარტო აღმოვჩნდით ამ ტრიალ, ჭაობიან ადგილას. უკვე აღარ ვიცოდით, რომელ მხარეს წავსულიყავით. და უცბად საიდანღაც გაჩნდა ვიღაც ფორმიანი ახალგაზრდა კაცი, სამხედრო მოსასხამი პლაში ეცვა, ისე რომ სახეს ვერ ვხედავდით. „გამომყევითო“ – გვითხრა მშვიდი ხმით. დიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა მდუმარედ. ჩვენს კითხვებს მოკლედ პასუხობდა. ვერც გავიგეთ ვინ იყო, საიდან გაჩნდა. მგონი ღმერთმა გამოგვიგზავნა. მადლობის თქმაც ვერ მოვასწარით, ისე გაუჩინარდა, როცა ტყე და ხალხი დავინახეთ. მოვტრიალდით და ვეღარ ვიპოვეთ ის მადლიანი ვიღაც.
ტყეში ჩვენებიც იყვნენ. მერე წვიმამაც მოგვისწრო. ბავშვები ხის ძირას წამოვაწვინეთ, ჩვენ კი ფეხზე მდგარმა გავატარეთ მთელი ღამე. და აი, მოვაღწიეთ ჭუბერამდე დაქანცულებმა. დაგვაბინავეს, დაგვაპურეს, პატივი გვცეს. ჩემი ძმის სასიმამრომ იმ ოჯახის წევრს ძველებური საგვარეულო ხანჯლები აჩუქა, ესენიც ჩუმად მოჰქონდა, გახვეული. ამათთვის ნამდვილად უნდა ეჩუქებინა.
და კიდევ. მახსოვს ერთხელ, საღამოთი, საშინლად დაღლილმა და სასოწარკვეთილმა, დავინახე ედელვაისებით მოფენილი ფერდობი მთის მწვერვალთან. ულამაზესი სანახაობა იყო. თან ათოვდა. პირველი თოვლი და ედელვაისები. საოცრება იყო. დავკრიფე და უბით ვატარებდი მთელი გზა. ახლაც თან მაქვს.