მალე წიგნის მაღაზიებში-,,დედა და ილია”

27.09.2024
27 სექტემბერი. სოხუმი აიღეს. დრანდიდან ეს ამბავი ასე ჩანდა – მოულოდნელად ცა განათდა. ძალიან განათდა. ჭაღებივით დაეკიდნენ ცის ჭერს მოელვარე ბურთები, ჯარისკაცები „ლუსტრებს“ რომ ეძახდნენ. მანათობელი საარტილერიო ჭურვი – ლექსიკონში ასე წერია. ეს იყო სისხლიანი გამარჯვებისა და ოკუპაციის ზალპი. უცნაური და საზარელი. რუსული გამარჯვების. იმ დღეს ქართველები და აფხაზები დამარცხდნენ.
ერთ ოჯახში რადიო აკუმულატორზე შეაერთეს. ყველა მასთან შეიკრიბა. რადიომ თქვა: ,,Сообщаем Вам, что все важные высоты контролируются частями наших кавказских братьев Сухум, а все прилегающие к нему территории находятся в осаде!’’
ჭუბერი. რაც შეიძლება მალე.
დილით ადრე იუზა ადგა და ფაცხაში ცეცხლი დაანთო. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. ეზოში, თოკზე სარეცხი ეკიდა და დილის მზე სხივებს აყრდნობდა ოდნავ მოფრიალე თეთრეულს. ფაცხაში, ცეცხლზე ქვაბი შემოდეს – ანას და მარიამის საჭმელი თბებოდა. ეზოში ქათმები და ინდაურები ირეოდნენ. დედამ მაგიდა გადაწმინდა. ჭურჭელი გაწმინდა. ფანჯრები დაკეტა. იუზამ ძაღლს დაუძახა – ძაღლი არ ჩანდა. აღარსად. „ბავშვებს ვაჭმევთ და გავიდეთ!“ – თქვა ინგამ. „სად უნდა გავიდეთ? სად?“ – ჰკითხა საკუთარმა თავმა. „საკუთარი თავიდან?“ „ბავშვობიდან?“ „ახალგაზრდობიდან?“ „ღიმილიდან?“ „სიხარულიდან?“
– „აფხაზეთიდან!“ – უპასუხა ომმა და ეს ყველა კითხვის დასტურს ნიშნავდა.
„მალე უნდა წავიდეთ!“ – თქვა იუზამ – „ხალხი უკვე იკრიბება!“
როცა ყველაფერს ტოვებ და თან ჩქარობ, უცნაურია ეს სიჩქარე. განა რამეს აკლებ იმ დროს, რაც განსაზღვრულია – სხვა რომ არაფერი, შვილებია გადასარჩენი. თვითონ დრო ითრევს ფეხს. ზანტი სიჩქარეა ეს სიჩქარე. სხვა ხალხისთვის ალბათ გაუგებარი. მაგრამ შენ – ვინც საკუთარ სახლს ტოვებ და ეგებ სამუდამოდ – ზუსტად იცი, რა საშინელია რიტუალი – თითქოს შენელებულ კადრებს უმზერ ძველ, ოდნავ მოციმციმე ტელევიზორში და ყველა დეტალს იმახსოვრებ – მინაზე ბუზს, ხეზე ლოკოკინას, ჭიშკართან ორმოს, ორმოში ბოთლს და ბოთლის თავზე ამოსულ ბალახს.
იუზამ მანქანა გამოიყვანა. ყველა იქ ჩაჯდა. დედა. ინგა. ბავშვები. ქუჩაში რამდენიმე სამხედრო სატვირთო იდგა და ცოცხალ-მკვდარი ადამიანები სხდებოდნენ. შარაზე მტვერი ავარდა. დაიძრნენ. არ ვიცი, ვის დარჩა ჭიშკარი ღია, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ძალით, უცებ ყველა შინაური ფრინველი გამოვარდა და მანქანას გამოედევნა. კვამლივით გაწოლილ მტვერში გულისგამგლეჯ კადრად გაეფინა ფრინველების განწირული გამოქცევა. ასე ძაღლებმა იციან ხოლმე. მაგრამ ძაღლი დილიდან აღარ ჩანდა. სად წავიდა და რატომ – არავინ იცის. ძაღლებმა თვითონ იციან თავიანთი გზები. ხან ცისარტყელაზე მიდიან ხოლმე და იქიდან უყურებენ პატრონებს.