გიორგი კეკელიძის ლექსების კრებული ,,ახალი სიმღერები” ,,საბასა” და ,,ლიტერას” ფინალშია
25.09.2024
ჩემი ბოლო ლექსების კრებული
#ახალისიმღერები ორი მსხვილი ლიტერატურული კონკურსის – “საბასა” და ,,ლიტერას” – ფინალში ანუ ე.წ. მოკლე სიაშია.
ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე.
და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.
ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ უდრის, რადგან სინდისი სიტყვაა ანგელოზთა სახელმძღვანელოდან, ადამიანთა წიგნში შემთხვევით მოხვედრილი.
ადამიანის არის ამოცანა, დედამიწის დაფაზე მეზობელი ოთახიდან ნათხოვარი ცარცით დაწერილი.
არავინ იცის რა იწერებოდა ამ ცარცით მეზობელი ოთახის დაფაზე
და კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს.
და ადამიანი უდრის მომდევნო ადამიანს, რომელიც დაფასთან გამოდის და წინა ადამიანის ამოცანას შლის.
ადამიანი უდრის ქარს.
ადამიანი უდრის წვიმას.
ადამიანი უდრის მზეს.
ადამიანი უდრის მთვარეს.
ძაღლს ვერ უდრის ადამიანი.
ვერც თოლიებს უდრის, რომლებიც ორ ლურჯ ფურცელს შორს ზოლად გაფენილან სარჩევივით,
ორ ლურჯ ფურცელს – ცასა და ზღვას შორის.
და ვერც ციცინათელას უდრის,
რადგან ციცინათელას არ აქვს მიზეზი ანათებდეს და ანათებს,
ლამაზი იყოს და ლამაზია,
კვდებოდეს და კვდება.
ციცინათელა უმიზეზოა, ადამიანი – არა.