მართამ, ჩემმა დიდმა ბებიამ, დაიბარა, როცა მოვკვდები, ყბა ამიკარით და ისე დამმარხეთ – ღია თუ დამრჩა, გველი ჩამიძვრება პირში და მეშინიაო. არ ვიცი, სად ნახა კვირიკეს სასაფლაოზე გველი – როცა მამაჩემს დავყვებოდი ძროხებისთვის ბალახის მოსაცელად, იქ გველები არასდროს შეგვხვედრია.
მე შუახნის კაცი, თითქმის გამოუცდელი ფსიქოთერაპევტი გახლავართ. ჩემი სახელი და გვარი არაფერს მოგცემთ და რაც არაფერს მოგცემთ, იმთავითვე უსარგებლოა – ასე წერია ლოგიკის ძველ სახელმძღვანელოში. ამიტომაც, როგორც ორი საუკუნის წინანდელ ზოგიერთ რომანიდან გვახსოვს, იმ გზას მივმართოთ და ინიციალებად დავტოვოთ ეს ამბავი.
დიახ, მე ზ.ი. მქვია, უკვე ორი კვირაა, რაც მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი და პატარა კაბინეტი მოვაწყვე. აქ პაციენტები უნდა მივიღო. აქამდე დიდწილად ვკითხულობდი და ვსწავლობდი. შიშებს და შიშისგან შობილ ჭარბ ფიქრებს ვიკვლევ. მეხსიერებას. აკრძალვებს. რთული და მოსაბეზრებელი საქმეაო, იფიქრეთ, ვიცი და სავსებით გეთანხმებით. რამდენჯერმე კინაღამ გადავიფიქრე სწორედ ამის გამო და ისევ ფეხბურთის მწვრთნელის გამოცდისთვის მომზადება გადავწყვიტე, მაგრამ საბოლოოდ ეს კიდევ უფრო ძნელი ამბავი აღმოჩნდა და ისევ ფსიქოლოგიას დავუბრუნდი. ბუნებით ზარმაცი კაცი ვარ და ალბათ ამიტომ.
ახლა სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და საღამოს ხუთ საათზე პირველ პაციენტს ველოდები. ჩემი პროფესიის ხალხი მათ კლიენტსაც ეძახის ხოლმე, მაგრამ მე პაციენტი მირჩევნია. ვინმეს ვაჭარი არ ვეგონო, მეთქი – ვფიქრობ. არადა, რას ვერჩი ვაჭრებს. მამაჩემი ვაჭარი იყო და მასზე უკეთესი კაცი ჯერ არ შემხვედრია.
მაგიდაზე ფურცელი მიდევს. ფურცელზე ბევრი კითხვის ნიშანი წერია. ასე მაგალითად: ,,როგორ მოახერხა სიცოცხლემ, საკუთარ წიაღში ეშვა შიშები, რომელთაც სიკვდილის შიშს გადააჭარბეს და გააუქმეს? საიდან დაიბადნენ ეს შიშები, ყოფის საფრთხის მიღმა მდგარნი? ზოგი ამბობს, რომ ეს საშინელი მონსტრის – კულტურის პირმშოა, კულტურისგან შობილი ტაბუების და მორალის და ხშირად ასეცაა, მაგრამ მართას რას უპასუხებთ, ჩემს დიდ ბებიას?’’
,,სირცხვილის შიში სიკვდილის შიშზე ძლიერი როგორ შეიძლება იყოს? ეგებ იმიტომ, რომ სახელი ადამიანისთვის უკვდავების ერთადერთი დადასტურებული ფორმაა? და სახელი რომ შეებღალოს, ამ უკვდავების გაუქმებას ან ჯოჯოხეთად ქცევას ნიშნავს და ამიტომაც ამჯობინებს სიკვდილს?’’
,,რატომ ჰგავს ჰიპოკამპუსი წყლის გველთევზას? სიცოცხლე რომ წყალში დაიბადა?’’
და ათასი მსგავსი სისულელე. დრო უნდა გავიყვანო პირველი პაციენტის მოსვლამდე. ვღელავ.
გაგიმხელთ და ამ წიგნის მეორედ დასაწყისად მართას შვილის, ირუზას სიკვდილის სცენა ჩავიფიქრე და მერე გადავიფიქრე. ბებიაჩემი, სახელად ირუზა და გვარად – ცენტერაძე, ძალიან იოლად გასაგები სიკვდილით მიიცვალა – 1991 წლის 31 დეკემბერს, მაშინ როცა ცას საახალწლო მისალოცად ავარდნილი ავტომატების ჯერი ხატავდა, ირუზა სახლიდან ჯიუტი ნაბიჯებით გავიდა და ჭაში ჩახტა. მეორე დილით, პირველ იანვარს, ნახევრადმთვრალი ბიჭიკო ცქვიტინიძე, ჩვენი მეზობელი, საგანგებო თოკით ჩაეშვა ჭაში და დალეწილი ირუზას გვამი ისეთი სიმშვიდით ამოიტანა, თითქოს სათლი ჩამწყდარიყო და ეგ ამოაქვსო. დავასვენეთ ირუზა ნაკლები შეკივლებით, შუა ოთახში და წესს ის არ ჰგავდა, რომ იქ დავასვენეთ, სადაც ღუმელი ენთო. ზევით, ოდაში, მაშინ წყალი ჩამოდიოდა და ტაშტები ეწყო. მოტეხილი კიდურების გასწორებამ წაიღო საათი და მეტიც. მერე ტანსაცმელი ჩააცვეს. ზამთრის სვიტერი ვერ ვიპოვეთ შესაბამისი. შესაბამისი კი არა, საერთოდ ვერ ვიპოვეთ. საკუთარი არ ჰქონდა და სხვა ვინმეს გამეტება ეძნელებოდა. ბოლოს, ნათიამ, ჩემმა ბიძაშვილმა, გადაწყვიტა, შარშან საგანგებოდ მოქსოვილი პულოვერი ეჩუქებინა კვირიკეთის სასაფალოს გზას ამ შუა ზამთარში დამგარი ირუზასთვის. პოლოვერი თეთრი იყო და გულზე სრულიად გაუგებრად, წითელი ასოებით ეწერა: T , მერე ეხატა ყვავილი, მერე, ცოტა ქვევით, მუცლის ადგილას ამოქარგული იყო სიტყვა – LOVE. მგონი უბრალოდ, რა ნაყშიც, ანუ მაშინდელი ქართულით რომ გამცნოთ – უზორი, მქსოველმა იცოდა, ყველაფერი ამ პულოვერის ქსოვისას გასცა და რამე ღრმა აზრის ძებნას ამ კომბინაციაში ნუ დაიწყებთ. უცნაური სურათი კი გამოდგა: იწვა ირუზა შავი თავსაფრით, შავი კაბით, ნაცრისფერი ჩექმებით და თეთრი, წითელწარწერებიანი პულოვერით. კი, ეს პულოვერი მთლად კარგად არ ჩანდა, რადგან უზარმაზარი, მგონი ბარემ დედამისის ნაქონი პალტოც მოეხურათ, მაგრამ მე ხომ ვიცოდი რა ეცვა ირუზას, ამ მოულოდნელად და ცოტა უცნაურად სასტიკ ზამთარში თბილად რომ ყოფილიყო. იოლად გასაგები სიკვდილი კიდევ კი არ დავაბრეხვე – სანამ ჭაში ჩახტებოდა, ირუზამ, ბარემ სამჯერ სცადა ჩვენი სახლიდან, ასე კილომეტრსა და რვაას მეტრში გადაბარგება – ერთხელ თოკს რომ ამაგრებდა საძროხის ჭერზე, მაშინ მივუსწარით, მეორეჯერ ცხენი გააჭენა და იქიდან გადმოხტა, მესამედ ორმოცი აბი თავის ტკივილის აბი ჩაყლაპა. რადგან სიკვდილის მიზეზი უკვე იცით, შესაბამისად – სამივეჯერ გადარჩა. ირუზამც დატოვა ანდერძი – ოღონდ ფურცელზე არა. მგონი წერა საერთოდ დავიწყებულიც კი ჰქონდა. საკუთარ ლოგინთან რომ სკამი ედგა, სადაც ჩაიანი ჭიქას დებდა ძილის წინ, დალევა ავიწყდებოდა და დილით ცივს სვამდა, ირუზამ დატოვა ფუთა, სადაც საზარელი სუნის ზეთი, ღამის პერანგი, წინდები და რვაასი მანეთი იდო. ეს ფუთა მთელი სამი წელი იდო იმ სკამზე და გულისხმობდა გაპატიოსნებისას ამ ზეთით გაწმენდის სურვილს, მერე ამ პერანგით და წინდებით შემოსვას და ბოლოს, წლობით ნაგროვები პენსიის ფულით კუბოს ყიდვას. ზეთი გადავასხით. პერანგი და წინდები ვიყიდეთ. ფულის ნაწილით კუბო შევიძინეთ, ნაწილით შიფერი – სახლის ის მხარე რომ გადაგვეხურა. მორჩენილი ოცი მანეთით მამაჩემა სიგარეტი იყიდა და ჩემთვის ფისტონები, ძველი ახალი წლის ღამეს რომ დამეხეთქა. დანარჩენი ისედაც ნათესავებმა გვასესხეს – ქელეხის და სასაფლაოს დაჟანგული ღობის შესაღები.