დიდი ქეცბი-LaGazzetta.ge

06.08.2024
მერე იყო ინგლისი და ის იყო მერე, გოლის აღნიშვნისას რომ მოუქნია და მოუქნია ,,ბოლტონის’’ წინააღმდეგ. ერთი ფეხის ამოსმა ,,მაკდონალდს”, მერე ორი ,,ადიდასს”. განა საქები ამბავია, მაგრამ განა ყველა ამბავი საქები უნდა იყოს, ამბად რომ იქცეს? ეს იქცა. და კაცმა რომ თქვას, მაგ რეკლამებს თვალი ასე უფრო მისწვდა, თორემ ისე, როგორც წესი, ეგენი თან არიან და თან არა – თუ ვინმე რამე ფეტიშის მქონე არ იქნა, ძნელად შეხედავს. ამას შეხედეს. და მას მერე სულ ქეცბაიას აჩრდილი ადგას, ვინც ასეთ საზეიმო ილეთს მოინდომებს – გოლის გამტანმა კი არა, აგერ ლი კლარკმა, როგორც ფეხბურთის მენეჯერმა ,,ბირმინგემში’’, სარეკლამო ფირნიშს ფეხი რომ ურტყა, სადაც ამ საქმის ვიდეო დაიდო, სულ Ketsabia celebration დააწერეს. რადგან ეგ არის, როგორც იქაურები იტყვიან – Iconic. მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ახლა ალბიონზე ამ მომენტს იხსნებს, ცოტა თუ იცის, რომ ეგ ბრაზიანი მოქნევები მარტო მაგ გოლის როდი იყო – ეგ იყო საკუთარი სახლიდან დევნილი კაცის ნაწვალები, დაძაბული სიხარული, ნაომარი და გაჭირვებული ქვეყნის შვილის ზეიმი. ძნელია ამის მიხვედრა და არასავალდებულო.
მერე, როცა ჩვენი ნაკრები ევროპაზე გავიდა და პირველი თამაში ითამაშა, შოთი არველაძე და თემურ ქეცბაია გვერდი-გვერდ იდგნენ, როგორც მაყურებლები. და დიდი ქეცბი პატარა ბავშვივით ტიროდა. ეს ტირილი, იმ ბანერებზე ფეხის მოქნევის რანგისა გახლდათ – იმ ფეხბურთელის ცრემლი იყო, წესით ნაკრებთან ერთად აქ რომ უნდა ეთამაშა და იმ მწვრთნელისაც, ვისაც ალბათ არანაკლებ ესურვილებოდა ეს საქმე. ოღონდ არა შურის ან დანანების, არამედ სიხარულის. იმ მოქნევისა არ იყოს, ძნელია ამის გაგება. ძნელი და არასავალდებულო.