გიორგი კეკელიძე და ინგა ბენდელიანი-თოფურია ერთობლივ წიგნზე მუშაობენ
01.06.2024
დღეს ესპანეთში მოიხაზა ბოლო კონტურები წიგნისა, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა. ქალზე, სახელად ინგა ბენდელიანი-თოფურია და მის შვილზე –
Ilia Topuria
წიგნის ჰონორარის ნაწილი სტიპენდიის ფორმით დაენიშნებათ ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს. ეს იქნება სიმბოლური გზავნილი მსოფლიოსთვის იმ ოკუპაციის შესახსენებლად, რომელიც ამ ტექსტის მთავარი თემის, აფხაზეთის ამბით არ დასრულებულა – 2008 წლის ომიც ამ ისტორიის სასტიკი ნაწილია.
,,ყოველთვის მინდოდა, ჩემი დაუჯერებელი ისტორია ისეთი ადამიანისთვის მომეყოლა, რომლისთვისაც ეს ახლო და გასაგები იქნებოდა, თანაც შესაბამის მხატვრულ დონეზე შეძლებდა მის გადმოცემას. როცა მწერალს საკუთარ ამბავს უყვები, თითქოს ფსიქოლოგს ელაპარაკები – უნდა ენდობოდე. გიორგისთანაც ასეა. როცა მეკითხებიან, როგორია გიორგი კეკელიძე, როგორია მასთან მუშაობა, მე პირდაპირ ვპასუხობ, რომ გიჟთან, არანორმალურ ვმუშაობ – ვუყვები, მისმენს, უცებ მაწყვიტინებს, სულ სხვა რამეს მკითხვას, მგონია, ეს ძირითადი არ დაავიწყდეს და მეორე დღეს ჩემი ამბები სრულად და საოცრად მხვდება აწყობილი.
ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ამ ისტორიებს, რომელიც თან ჩემია და თან თითქოს ამ წიგნის უცნობი მკითხველი ვარ, რომელსაც ძალიან ეტკინა ეს ტრაგიკული ამბავი. ვზივარ, საკუთარ წარსულს დავსტირი და თან ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას გავუძელი. მადლობა ღმერთს, რომ სრულიად შემთხვევით ჩემს სოხუმელ მეგობართან, დედა თინათინთან შევხვდი გიორგის და ასე სპონტანურად დაიბადა ჩემი სულის ამოძახილის, ცრემლით გაჟღენთილი ფაზლის აწყობა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივლის ნაწილი – ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათინები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.
ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი – წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა. თუნდაც ამ გამარჯვებისთვის.”
ინგა ბენდელიანი-თოფურია