25.05.2024
ხვალ დამოუკიდებლობის დღე დადგება. ბოლო ორი წელია ეს დღე უცნაურად თუ საცნაურად გადაეჯაჭვა ევროპას და ევროპულობის იდეას ჩემს სამშობლოში. შარშან, ამ დღეს, რუსთაველზე ლექცია წავიკითხე – ,,ევროპის დაბრუნება საქართველოში”. და ვთქვი, რომ საქართველო არსად არ გაქცეულა საკუთარი სურვილით – სისხლით მოწყვიტეს სივრცეს, რომელთანაც ანტიკური და ქრისტიანული წარსული კრავდა, რომელთანაც გრიგოლ ხანძთელი და შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი და სულხან–საბა ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და ივანე მაჩაბელი, მარო მაყაშვილი და ივანე ჯავახიშვილი – ეს ყველა დროის უდიდესი ქართველები – აკავშირებდა და ჩამოსათვლელი რომ უფრო გრძელია – ვიცი. მოწყვიტეს და ზოგი უცნაური ადამიანი დღესაც გვაჯერებს, რომ კრემლის საზარელი ჩრდილია ჩვენი აუცილებელი სახურავი.
დანაშაულებების გრძელი სია რომ არ ჩავიკითხოთ, მხოლოდ ეს ამბავი უნდა გვეყოს დაფიქრებად – ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორი მთავარი თავმჯდომარე – დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე ვინ მოკლა, რატომ და როდის.
დამოუკიდებლობა ყოველდღიური ვარჯიშია – აზრის და ფიქრის – უნდა გვახსოვდეს. ამიტომაც ეს დღე – ზეიმის გარდა, შეხსენების დღე უნდა იყოს, შეხსენების საკუთარი თავებისთვის, რომ მისი გამოცხადებიდან სულ რაღაც სამ წელში ქართველივე შემოუძღვა ბოლშევიკურ არმიას, ჩვენი ქვეყნის დასარბევად და დასამონებლად – ვაი, რომ დიდი ხნით.
დამდეგ დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას!
25 მაისი
,,საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა”
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, გაზეთის წინა გვერდზე დატანილი ეს ფრაზა – უკან უამრავ მცდელობას, მარცხსა და გამარჯვებას გულისხმობდა. დამოუკიდებლობა არაერთხელ დავკარგეთ, მაგრამ დამოუკიდებლობის განცდა არასდროს – ალბათ ეს არის ჩვენი ქვეყნის განმსაზღვრელი კოდი.