,,წერილები ჩემი ბავშვობიდან” – წინასიტყვაობა

22.05.2024
Iago Kachkachishvili -ის წინასიტყვა ჩემს ახალ წიგნზე #წერილებიჩემიბავშვობიდან , რომელიც ზაფხულში გამოიცემა:
,,გიორგი კეკელიძის ამ ტექსტს აქვს ერთი თავისებურება: როდესაც კითხულობ, ემორჩილები იმ ძაბვას, რომელიც მასში გადის და რომელიც ამ ტექსტს ამთლიანებს და ანათებს/მუხტავს; მაგრამ როგორც კი ტექსტიდან “გამოხვალ” და შეეცდები, რომელიმე პასაჟი ცალკე გამოიტანო, სიმძაფრე აკლდება, თითქოს “ფაზლის” რომელიმე ნათურა ძაბვიდან გამორთეს ან ძაბვას დაუწიეს.
ამიტომ, რასაც წინასიტყვაობაში დავწერ, ემოციურად ვერაფრით მიუახლოვდება წიგნის წაკითხვით გაჩენილ კვალს და შთაბეჭდილებას.
გიორგი კეკელიძე წერს ერთგან ამ რომანში: “მე შემფასებლად ვერ გამოვდგები – ამბის მომყოლად მარტო”.
ასეცაა − ეს წიგნი არის ამბების წიგნი, პოსტმოდერნიზმის ენაზე თუ ვიტყვით, “ნარატივების” წიგნი − პატარა, ყოველდღიური, თითქოს არაფრით გამორჩეული ამბების. ეს ამბები ფრაგმენტულია, კონტექსტუალური, ღრმად ცხოვრებისეული (ემპირიული) და ურთიერთგადაჯაჭვულიც, რადგან ადამიანების ცხოვრებას ქმნის და მათი ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად ჰოლისტურ სურათს გვაძლევს. ამაზე თავად ავტორიც მიანიშნებს: „ადამიანს ასეთი ფრაგმენტები აკოწიწებს, ეს არის ჩვენი უჩინარი წებო. ეს რომ გაშრება, ჩვენც დავიშლებით.“
თუმცა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წიგნში მოთხრობილ მცირე ნარატივებში მოსჩანს “გრანდნარატივებიც”, ანუ, გენერალიზებული სოციალური და კულტურული კანონზომიერებები, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტულად ერთი რეგიონის (გურიის) და მისი ზოგიერთი სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის დასახასიათებლად გამოდგება.
ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მკაფიო გენერალიზებული წარმოდგენა, რაც ამ ნაწარმოებით შეგვიძლია შევიქმნათ 90-იანი წლების საქართველოზე, ესაა ღარიბი საქართველოს ხატი. წიგნში მოთხრობილი ამ დროის ამბები ააშკარავებს სიღარიბის უნივერსალურ გრანდნარატივს, რომელიც, მხატვრულ-დოკუმენტურ ენაზე ასე გამოიყურება:
ღარიბი ყოფისთვის მთავარია არსებობა, ხოლო უკეთესი არსებობა ბონუსია. ანუ, ღარიბთათვის მთავარია, რომ მინიმუმი ჰქონდეთ, დანარჩენი ფუფუნებაა: “მთავარია რომ იყო. ყოფნა არის უმთავრესი ნიშანი იმ დროის. სხვა დანარჩენი − ბონუსია”.
სიღარიბე აყალიბებს კომპლექსს, რომელსაც პრევენციული ფუნქცია აქვს. კარგი სიგარეტი თუ მოწიე, სინდისი გქენჯნის, რადგან არაბუნებრივი, შეჭირვებულთათვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინე. ეს გაწუხებს, რადგან ჩვეული კალაპოტიდან გაგდებს. და ბრუნდები იქ, სადაც ყველაა − ბრუნდები შენნაირებთან სოლიდარობაში.
სიღარიბისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური კომპლექსურობა: ერთი მხრივ, ის არის „შეგუებული სიმშვიდე“, უსაგნო სიამოვნება, ან როგორც ავტორი ამბობს, „არაფრად ყოფნის სიამოვნება“, როგორც უდიდესი სიამოვნებათა შორის; მეორე მხრივ, ღარიბი ადამიანი არ ნიშნავს აუცილებლად დაბეჩავებულს, არამედ შეიძლება იყოს ამაყიც და ამბიციურიც: „რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ეს მესმოდა ოჯახში: ,,შენ უნდა იყო მთავარი – ყველგან და ყველაფერში!” თუმცა, ავტორი გულწრფელად წერს ამბიციურობასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც: “ამ რყევებში და ღრუბელ-ქარში გავიზარდე. ამან დაბადა ჩემში პერფექციონიზმი, ,,ყველას უნდა ვუყვარდე“, და ნებისმიერი მარცხის პანიკური შიში“. და აქვე გულწრფელი მორალი ავტორისგან: “ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს”.
სიღარიბეს შეუძლია სიყვარულიც ჩაშალოს, ანუ შეყვარებულმა მიგატოვოს: „მოკლედ, დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე“.
კიდევ ერთი რამ, რაც ამ ნაწარმოებს, ჩემი აზრით, გამოარჩევს, არის მისი ჰუმანისტური პათოსი − აქ არ არსებობენ უარყოფითი პერსონაჟები, ყველა ადამიანი თავისებურად კარგია, გააჩნია, რა კუთხიდან შეხედავ მას. ერთი შეხედვით, ადამიანთა დასახასიათებლად გამოყენებულია ეპითეტები, რომლებიც, პოზიტიური არ არის და, ჩვეულებრივ, ნეგატიური კონოტაციის მქონეა. მაგალითად, რა შთაბეჭდილება უნდა შეგექმნათ კაცზე, რომელიც არის „სუპერ-ზარმაცი“, „აროგანტული“, „ნარცისიზმით დაავადებული“, თავი წარმოუდგენია სამყაროს ცენტრად და მის ირგვლივ, ნახევარ მეტრშიც კი არაფერი არსებობს? როგორც წესი, ეს უარყოფითი დახასიათებაა, მაგრამ საინტერესო სწორედ ისაა, რომ ასეთი კაცი მწერალს უყვარს და მასში ეძებს და პოულობს „ადამიანურს, ერთობ ადამიანურს“ (ნიცშეს სიტყვებია). ასეთი ნაივური ჰუმანიზმი ამ ნაწარმოებს უხდება, რამდენადაც ყველა პერსონაჟს (რომლებიც რეალური ადამიანები არიან) უკავშირდება თბილი, ცრემლიანი და იუმორით სავსე ისტორიები.
ზემოთ აღვნიშნე, რომ გიორგი კეკელიძის ეს მინი რომანი ერთი რეგიონის (გურიის) შუქზე გვიჩვენებს უფრო განზოგადებულ სურათს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას ტექსტის ეთნოგრაფიული ღირებულების შესახებ, რამდენადაც ის იძლევა სპეციფიკურად გურიის უბადლო დახასიათებას. ნაწარმოებში ბევრი რამეა „წმინდა“ გურული, აქ მხოლოდ ზოგიერთს შევეხები − მაგალითად იმას, რაც გურულ ენობრივ ნიშნებს/აღმნიშვნელებს და მათ მნიშვნელობებს უკავშირდება: „მის ვარესს ჯობია“ (ანუ, უარესებს შორის ნაკლებად უარესია) და „მაი აფერი“. ორივე გამოთქმას ავტორი „ამქვეყნიურ ძნელბედობათა გამქარწყლებელ ფრაზებს უწოდებს“, რაც აბსოლუტურად დამაჯერებელი ახსნაა.
ანდა, მაგალითად, გურული სტუმარ-მასპინძლობის საიდუმლოს მარტივი გასაღები: „გურია პარადოქსების მხარეა – გულწრფელები ვართ როცა თან გადავყვებით ვინმეს და მერე როცა ვლანძღავთ – მაშინაც. რაღაცნაირად უცნაური ამბავია, მაგრამ ძალიან ნაღდი“.
გურიის სპეციფიკის კიდევ ერთი შესანიშნავი ინდიკატორი: გურია კეთილი აბსურდის და სასაცილო ულოგიკობის სივრცეა. ასეთი დასკვნის ლეგიტიმურობის საილუსტრაციოდ ავტორს შემდეგი ყოფითი სიტუაცია მოჰყავს: „მეზობელი ამოსძახის: ,,გურამიაა, მათხუე შენი ვენახის შესაწამლი აპარატი და მაგიორში გავრეცხავ და დაგიბრუნებ!“ ვინც გურული თქმა ვერ გაიგო − ,,შესაწამლი აპარატი მათხოვე და სამაგიეროდ, რომ გამოვიყენებ, გავრეცხავ და დაგიბრუნებო!” და ვინც ახლაც ვერ გაიგო, განსაკუთრებით სიტყვა ,,სამაგიეროდ“ რატომ და რისთვის, სრულიად სწორად ვერ გაიგო. გურია ვერ უნდა გაიგო. სხვანაირად გურია გურია ვერ არის“.
კიდევ რითაა „წერილები ჩემი ბავშვობიდან“ გამორჩეული? ეს არის იშვიათი გულწრფელობით დაწერილი ტექსტი, სადაც ავტორი საკუთარ (ადამიანურ) სისუსტეებზე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გვესაუბრება. მაგალითად, იგი საუბრობს მისი ცხოვრების უაღრესად ინტიმურ, თვითმკვლელობის მცდელობის, მონაკვეთზე და გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მის ცხოვრებაში სირცხვილის შიში სიკვდილის შიშზე უფრო ძლიერი და როგორ ვერ დაძლია ბავშვობაში ჩანერგილი შეგონება, რომ პატიოსნებისთვის მთავარი ის კი არ არის, რა გააკეთე, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი და როგორ შეიძლება იტანჯებოდე ჩაუდენელი დანაშაულის გამო.
წიგნში მარგალიტებად არის გაბნეული ორიგინალური მეტაფორები თუ მეტონიმები, რომლებიც გამჭვირვალეა და მოვლენათა ზუსტ დახასიათებას იძლევა. მაგალითად, „სარკის ჭაღარას“ უწოდებს ავტორი იმ „რაღაცნაირ სიშავეს“, სოფლის ძველ („მოხუც“) სარკეებს რომ აქვთ ხოლმე. ანდა, ხანში შესული ქალის ასეთი პორტრეტი: „დგას სახელოებდაკაპიწებული და ხელებზე ძარღვები უცნაურად ლურჯი აქვს, თითქოს კანს გადააკრესო ზერელად და სადაცაა ქარი აყრის.“ ანდა, სიყვარულის ასეთი დახასიათება: „სიყვარული ყოველთვის არის მაშინ, როცა არის. მერე სიყვარული ყოველთვის იქცევა ფრაზად – ,,ვერ გეტყვით, ეს ნამდვილი სიყვარული იყო თუ არა”.
დაბოლოს, გიორგი კეკელიძე ამ მცირე რომანში წერს: „განმსაზღვრელი არა მოვლენა, არამედ მისი აღქმაა.“ ის, რასაც აქ წაიკითხავთ, ავტორის აღქმებით შექმნილი, ანუ სუბიექტური რეალობაა. თუმცა, არც იმდენად სუბიექტური, რომ ის მკითხველისთვის უცხო აღმოჩნდეს. პირიქით, ამ აღქმულ რეალობას ჩვენც, მკითხველებიც ვიზიარებთ, მასში საკუთარ ბიოგრაფიას ვპოულობთ და უფრო რეფლექსურები, ემპათიურები და გულწრფელები ვხდებით.”
Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე – ის წერილი ჩემს ახალ წიგნზე #წერილებიჩემიბავშვობიდან , რომელიც ზაფხულში გამოიცემა:
,,პირველივე გვერდიდან უკვე ვიცი, რომ შენი ნაწერი არავისას არ ჰგავს, მძაფრი სიმართლე, არაფერია გამოგონილი და შეთხზული, რაც ასე უძნელდება ბევრს, თითქმის ყველას. დიდ, მოურჩენელ ტკივილს ჩვენებური იუმორით იჭერ: „”ბებიამ გურული პირჯვარი გადაიწერა, სწრაფი, არითმიული, მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.“”
გიორგი, შენ ქართული სიტყვის მსახურებასთან ერთად ქართულ სიტყვას “იმსახურებ” კიდეც –- კეთილი გაგებით, სხვანაირად, აბა, ეს განცდა საიდან? -მამიდის საფლავზე ბებიასთან ერთად, კვირა საღამოობით ბებიასთან ერთად რომ მიდიხარ და რომ „”მარმარილოებს ღამე უყვართ, რატომღაც, ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება, “ბავშვებიც კი“”. საფლავის ქვებზე ღამით გაჭაღარავებული სურათები სურათებს მხოლოდ შენი თვალისა და გულის შემჩნეულია. ამჩნევს. ნამდვილ სოფლურ სურათს ხატავ –- მაცის, ბიჭიკოს, მაყვალა ექთნისა და გელას მეშვეობით!.. “მკვდრეთით აღმდგარი”, დილით მოამბის საყურებლად დილით მაცისთან გამოცხადებული “მკვდრეთით აღმდგარი” ბიჭიკო, მანამდე ტაშტით შემოტანილი თოვლი, ბიჭიკოს მობრუნება… „”ძველი წლების ბანაობის რიტუალი“” – -ჩვენი თაობისთვის ნაცნობი, ორთქლ-ოხშივარიანი ოთახი…, ცამდე მართალი ხარ, ალალი , გულწრფელი, მოურიდებელი. არც ოთახის აღწერილობაშია რამე მოგონილი: “გარაფინზე აყუდებული სარკე, ამ სარკის წინ ანთებული ლამპა…“ შენი ჩამოთვლილი საბანაო ნივთები: ლახანკა, ჯორკო, “მაჩალკა”–- მაგიური იარაღი, 72% იანი სარეცხის საპონი“..” „”მეიჟღვლიმეს“” გაგონებაზე მეცინება, კურცხალი მდის… „”ჭუჭყს ვერ იჟღვლემ. შენ ცოლს რაფერ მეიყვან? – . -არ მინდა ცოლი, არ მევიყვან ცოლს არცაროის! -რაი?! იკივლა ნათელამ, კურუშკა წყალში ჩააგდო და თითონ განზე გახტა. დავრჩი გასაპნული, თვალებდახუჭული და ჯორკოზე ექსპერიმენტალურ ქანდაკებასავით მჯდარი.”. რაფერ არ გამეცინოს? მინდა გამოვარჩიო მთავარი სათქმელი და რა ბედნიერებაა, რომ ვერ ვარჩევ.. ყველაფერი მთავარია. იშვიათად “მოვარდნილ” დენს “ელნათურის წამობოდებას “, რომ ეძახი, ესეც შენეული შესიტყვებაა.
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე რამდენი და როგორ არ თქმულა, მაგრამ ასე? „”მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორაზე ცხოვრობდა, ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი, კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. ეს კაცი მისი ქმარი მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა“..” „”ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული, ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე.“” თვითირონიით მონათხრობი შენი ბაღისა და სკოლის სატრფიალო ამბები , ძალიან მგრძნობიარე ბავშვის დანახული სახალისო და სევდიანია.
არავისთან შემხვედრია სექტემბრის გახსენება შენი ჩამონათვალით არავისთან შემხვედრია… შენი ფიქრი წვიმაზე, მათგან ერთ-ერთი მთავარი “თხროშო წვიმა” ზოგ დარდს რომ ერევა, ზოგს – ვერა და იოლად გაძინებს. გადასარევია ნამდვილი გერმანელი ტურისტის გერმანიიდან, ფოლგერის, ჩვენებურად ფოლგერას, მისი სტუმრობა ბახმაროში., გადასარევია.. “ბენზინი, „ბენზინი, სალიარკა, ჟუაჩკა, სოსისი..“” წარწერა სოფლის მაღაზიაზე. სასწულია სერიალის შინაარსზე მსჯელობა –- „”ბრძნული“” გურული განხილვა სასწულია. შენი პირველი, შაქრიანი ადესის ღვინით დათრობის ამბავი, ქათმების დაპურების და ძროხის მოწველის ამბავი, შენი დანახული ტირილში, ეზოში „”ფულის დამწერის“” მოყოლილი ამბავი, მკვდარი რომ გავიწყდება და მარტო მას, რომ გინდა უსმინო. შენი ბებიისბებიაშენის გურული ღვეძელის რეცეპტი მე აქ რატომ დავწერო? „”წიგნიდან გადმოიწერეთ შეუცდომლად…“”
როგორ მარჯვედ იყენებ ‘ხალხურ სიბრძნეს:.” „”თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცეოდა. თუ ჩიტი გალობდა, გვეშინიდა, გვეშინოდა, ვეუბნებოდით ჩუმად და კრძალვით: „”სკვინჩა , შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი!”
გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია.. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი…“