ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ვფიქრობდი, რომ ალბათ დაბადება არ ჯობდა. ჩემ ტანჯვას გაუსაძლისს მიღმა ეთქმოდა – უკონტროლო ბენზოდიაზეპინების არნახული ბურუსი ისედაც საზარელ ობსესიებს აძლიერებდა. შიშების ალყა. სრული უუნარობა – 57 კილოგრამი ვიყავი, დიაფრაგმის სპაზმის გამო, შეუჩერებელი სლოკინი წამებას აათკეცებდა, კედელს ვეყრდნობიდი და ისე მივღოღავდი, დერეალიზაციის ჯოჯოხეთური გისოსები სამყაროსგან მაცალკევებდა – დედამიწა სადღაც მიღმა არსებობდა და იღიმოდა. ღიმილი კი საერთოდ სხვა რასის ნიშანი მეგონა და არა ადამიანთა. უმძიმესი დეპრესია – წარსულის საცეცებით მომავლის წაშლა და აწმყოს გაუქმება, მცირე შეცდომებზე ფიქრის დაუცხრომელი წრებრუნვა, გაასმაგება, გამოგონება და თვითგვემის შეუნელებელი ტანტრუმი. ცილისწამებისა და დაბრალების ფობია – მოკლედ სულის სიმსივნე შფოთვის აგრესიული მეტასტაზებით.
ერთადერთ რამეს ვოცნებობდი – ჩუმად წავსულიყავი, მენახა რომელიმე მშენებარე შენობა, საიდანაც გადმოვხტებოდი და დადასტურებულად დასრულდებოდა ეს დიდი გაუგებრობა. მერე იყო ის, რაც ყველა თქვენგანმა იცით, მერე – ისევ საზარელი, ავთვისებიანი თვეები და ბოლოს იყო:
სახლი/Sakhli სადაც მიყვანილმა, ახლა უკვე ჩემ მეგობარს, ლოლა ლომიძეს ვუთხარი: ,,მაინც მოვკვდები” – ვუთხარი მე – ,,ამდენი რამისგან თავის დახსნა წარმოუდგენელია, ტყუილად ვწვალობთ”. ,,ახლა როგორ ხართ?” – მკითხა ერთმა მათგანმა, ვინც დამხვდა. ცალი თვალით შევხედე და ვუთხარი: ,,ახლაც და სულ ძალიან ცუდად”. ის გავიდა და ნახევარი აბი ბენზოდიაზეპინი შემომიტანა. კიდევ უფრო ცალი თვალით შევხედე – იმ დილით ხუთი ეგეთი და კიდევ ორი უარესი მქონდა დალეული. და დაიწყო გრძელი პროცესი – ფსიქოტროპულების ნელი ჩახსნა და პარალელური მკურნალობა – უმძიმესი დღეები, სასოწარკვეთის და იმედის ხშირი მონაცვლეობა – ძალის ძებნა, ფიქრის ვარჯიში, ნების გამოძერწვა. და გავიმარჯვე. ახლა ყოველდღიურად ვცდილობ მაგალითი მივცე სხვებს და ხელი გავუწოდო. ცალკე და ახალი ბრძოლაა ეს – მძაფრი და საინტერესო. პირობაც დავდე, რომ თუ გავიმარჯვებდი, სულ ვიქნებოდი, ამ სირთულეებთან მებრძოლი ადამიანების მხარეს და ის, რომ დღეს იგივე კლინიკის მენეჯერი ვარ, სადაც ვმკურნალობდი, სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია.