გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ამერიკული მედიის იტალიურ წარმომადგენლობასთან

13.12.2023
ჩემი ინტერვიუ ამერიკული მედიის იტალიურ წარმომადგენლობასთან, რომლის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს აქვე გთავაზობთ.
1) კვარა თავისი საფეხბურთო ნიჭით გახდა საქართველოს ერთგვარი ელჩი მსოფლიოში. ეს არ არის ერის სიამაყე?
1) ცხადია. იმ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მისმა წარმატებამ მრავალგვარი იმედი გააღვიძა. საქართველოს, სხვადასხვა სფეროში, დღეს არაერთი წარმატებული წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ ფეხბურთს დიდი და მასობრივი გავლენა აქვს და კვარას ფაქტორი ამ აზრით განსაკუთრებულია.
2) როგორ აფასებენ მას თავის ქვეყანაში და რამდენად გრძნობს ის საკუთარი თავის კუთვნილებას საქართველოსთან მიმართებაში?
2) ვიცი, რომ ის პატრიოტი მოქალაქეა და საკუთარ იდენტობას საქართველოს აფუძნებს. რაც შეეხება დაფასებას, ვფიქრობ, მისი წარმატების შესაბამისია.
3) წარმომიდგენია, ის ალბათ უკვე კერპია თბილისელი ბავშვებისთვის.
3) არამხოლოდ თბილისელი ბავშვებისთვის – მთელ საქართველოში, ამ აზრით, მან ახალ თაობას დიდი ინტერესი და იმედი გაუჩინა. წიგნს თან ერთვის ერთი სახასიათო ფოტო კახეთიდან, სადაც ბავშვები კვარას მაისურებით სხედან და ჰორიზონტს გასცქერიან. სწორედ ეს ჰორიზონტი გაუხსნა მან ქართველ პატარებს. თუ ადრე, ჩემს მოსწავლეებს, მესის და რონალდუს მაისურები ეცვათ, ახლა ხვიჩას იმატა.
4) რა სახის (როგორია) ურთიერთობაა საქართველოსა და მეზობელ რუსეთს შორის ?
4) რუსეთი, კრემლი ოკუპანტია. მას საქართველოს ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, ათიათასობით ქართველი შეეწირა რუსეთთან ომებს და ასიათასობით დევნილი გვყავს. შესაბამისად, უეთიერთობა უკიდურესად რთულია.
5) ქვეყანაში 4 მილიონზე ნაკლები მკვიდრია, რომელიც ახერხებს დიდი კალათბურთელებისა და ფეხბურთელების გაზრდას. რა მდგომარეობაა ქვეყანაში სპორტული ობიექტების კეთილმოწყობის ?
5) ამ თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის დიდი ტალანტების ქვეყანა იყო, არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი გვყავს. ეს, რაღაც აზრით, ნიჭის დომინაციაა, რომელსაც კიდევ უფრო კარგი ინფრასტრუქტურის პირობებში, გაცილებით უკეთესი შედეგი მოჰყვება.
6) იტალია და საქართველო: ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდა კვარას ნაპოლში ჩასვლსათან ერთად?
6) ვფიქრობ, რომ კი. თუ მაგალითად, ისევ საფეხბურთო ხაზს გავყვებით, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს გულშემატკივრობდნენ, ნაწილობრივ ,,ნაპოლიზე” გადმოერთვნენ და შესაბამისად იტალია თითოეული ქართველის დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ცალკე საქმეა დიდი ქართული ემიგრაცია იტალიაში, რომელთთათვისაც კვარას ფაქტორი დიდი სიამაყის საბაბი გახდა.
7) ქართველები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ კვარა უფრო წარმატებულ კლუბებში წავიდოდა, როგორიცაა იუვე და ინტერი, თუ ფიქრობენ, რომ ნაპოლი სწორი ადგილია?
7) ვფიქრობ ,,ნაპოლი” საკუთარი მენტალიტეტით, თავისებურებებით, ამბიციით ხვიჩასთვის საუკეთესო ადგილი იყო და ეგ გასულმა სეზონმა დაამტკიცა კიდეც. ამ აზრით, ეს ბედნიერი შეხვედრაა – როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის.
კვარა დღეს შედარებით სუსტად ასპარეზობს. Რა მოხდა? მას მეტი ხელფასი სურს, მას შემდეგ რაც ჩემპიონატი მოიგო თუ შესაძლოა ემოციურად ვეღარ უმკლავდება ჩემპიონს წნეხს, თანაც მისი თამაში მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს?
მთავარი ფაქტორი უფრო კლუბის ცვლილებები მგონია – სპალეტი წავიდა, კიმი მიუნხენში გადავიდა. მეორე მხრივ – ყველა ფეხბურთელის კარიერაში არსებობს ფაზები და ეს მომენტი ხვიჩას ჟინის ადამიანისთვის ახალი გამოწვევა მგონია, მორიგი დიდი სიმაღლეების დასაპყრობად.
9) საქართველო გარკვეულწილად იტალიელებისთვის იდუმალი ქვეყანაა. რატომ უნდა ესტუმროს იტალიელი სანახავად?
9) საქართველო ანტიკური ქვეყანაა, სწორედ იმ ფესვების ნაწილი, რომელიც იტალიის დიდებულ წარსულს გულისხმობს, ჩვენ, ამ აზრით, ორი უძველესი კულტურა ვართ, უბრალოდ საქართველოს ძალიან არ გაუმართლა, რადგან ქვეყანაში მშვიდობა იშვიათად იყო და გამუდმებით დამპყრობლებს ებრძოდა. ინფორმაციის გაცვლის აზრით ყველაზე აქტიურ საუკუნეში ქვეყანა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული და დღეს, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით ისევ გვიწევს ურთულეს გამოწვევასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ადრერენესანსული ტექსტი – გენიალური ,,ვეფხისტყაოსანი”, ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი პოეზია, უნიკალური პოლიფონიური მუსიკა და მნიშვნელოვანი არქიტექტურა, ბრწყინვალე ბუნება და შესანიშნავი კუთხეები ქვეყნის საინტერესო ადამიანებით. სხვათაშორის საქართველოს ძალიან მდიდარი საფეხბურთო წარსული აქვს, მათ შორის თბილისი ,,დინამოს” მსოფლიო სხვა გრანდებთან ერთად, ,,ნაპოლიც” ჰყავს დამარცხებული. შესაბამისად, დღეს, გაცილებით აქტიური მუშაობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის, მათ შორის – იტალიისთვის გასაცნობად.