გურული დღიურები

06.12.2023

თითქმის ათი წელი გავიდა და დღეს გამოცემის ამ ვერსიის უკანასკნელ ცალებს მოვაწერე ხელი – ერთმა კომპანიამ გამომცემლისგან დარჩენილი ტირაჟი იყიდა საახალწლო საჩუქრად საკუთარი თანამშრომლებისთვის. არც ვიცი, ნატა ავალიანის შესანიშნავად მოფიქრებული გარეკანის გამო თუ სხვა მეცადინეობის წყალობით, ეს წიგნი, ათი წელია ბესტსელერია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საუკეთესო ნამუშევარი ნამდვილად არ გახლავთ, უამრავი გულშემატკივარი შემძინა. შემძინა არაერთი მოშურნე და მტერიც. არადა, რეალურად, პატარა, უწყინარი ესეების კრებულია, რომელსაც თავის დროზე ჟურნალ ,,მასწავლებელში” ვაქვეყნებდი და მერე სხვა ორი ნაწილიც დაემატა მამაჩემის გარდაცვალების დარდზე. კაცი, რომელმაც ამ წერილების წიგნად აკინძვა მირჩია, პირსუკან მლანძღველთა შორის მოწინავეთა რიგებში ჩაგდა, მას შემდეგ, რაც გამოცემა ქართული რეალობისთვის არაადეკვატურად პოპულარული გახდა. ჩვენთან ეს სპორტი დიდად წახალისებულია და მე ვერაფერს გავხდები, გარდა იმისა, რომ არ ჩავერთო და არც ვუყურო.
არადა, წიგნი, რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის ფუნდამენტად იქცა – გაკეთდა #გურულიდღიურებისფონდი და ასობით მოსწავლეს ვუმართავთ ხელს. იქცა წინაპირობად მასშტაბური მხატვრული ფილმისა – #გურია – რომელსაც ახლა იღებენ და წინაპირობადვე წიგნისა #წერილებიჩემიბავშვობიდან , რომელსაც ახლა ვწერ და რომელიც ისეთი გამოდის, დღიურები რომ უნდა ყოფილიყო.
ჰოდა, რაც არის, ეგ არის – თითქოს დიდი ეპოქა გავაცილეო, ისე მოვაწერე ხელი.

#გურულიდღიურები