ლანა ღოღობერიძის წერილი ,,ახალი სიმღერების” შესახებ
29.11.2023
ლანა ღოღობერიძის წერილი ჩემი ახალი წიგნის შესახებ.
„კითხულობ ერთ ლექსს, მეორეს, მესამეს… სიმღერებს, რომელთა სათაურებიც მრავლისმთქმელია: „მკვდარი სიყვარულის სიმღერა“, „გამონაცვლის სიმღერა“, „თოვლის სიმღერა“, „უკვდავება“… და ნელ-ნელა შედიხარ პოეტის უცნაურ სამყაროში, სულ უფრო და უფრო იმსჭვალები მისი თავისებური ხედვით – უჩვეულოდ თამამი გულახდილობით, ადამიანის სულის ღრმად ჩამალულ კუნჭულებში ჩაწვდომის უნარით, შეუბრალებლობით საკუთარი თავის მიმართ, მოულოდნელი ასოციაცია.
ეს ადამიანი თავის შესაფერის გარემოში ცხოვრობს, გარემოში, სადაც ყველაფერი „გამონაცვალია“: მზეც თითქოს გამონაცვალი კიდია ცაზე და ადამიანებიც ძილში ცხადის გამონაცვალ სიმზრებს ხედავენ და როცა ღამეა, უყვართ იისფერი თოვლის კალოშებიდან გამობერტყვა!
„ჩვენ დავიბადეთ და კედელზე ჩვენს ჩრდილებს ვგავართ“…
აქ, ამ ჩრდილთა სამყაროში ყველაფერს ტრაგიზმის დაღი აზის. ტრაგიზმით გამსჭვალულია ყველაფერი, ყველა წვრილმანი. და ამ ყოვედღიურობაში ჩამალული ტრაგიზმიდან იბადება მასშტაბურობა. მუდმივი ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე.
სიტყვა – ყავარჯენი, ანუ საყრდენი… და მეც, ამ ლექსების წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: სწორედ ამისთვის არსებობს პოეზია: ყავარჯნად შეუდგეს ტკივილს და ასე შეამსუბუქოს, მეტიც- მშვენიერი გახადოს ადამიანის არსებობა!“