არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი უმაღლესი ალგებრა, ერთდროულად რთულიც და მარტივიც, ძნელად ამოსახსნელი და იოლად მისახვედრი. შესაკრებთა ჯამი აქ წელიწადების მიხედვით იცვლება, მაგრამ სულ მშვენიერებას უდრის. ამიტომაც არის ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც. შეხედეთ – ეს წალენჯიხის გზაა, განიერი მთები, თითქოს გვერდზე პირმიქცეული, უცხო ჰორიზონტს რომ გაჰყურებენ, მუხლებზე წეროების ბუდეებით. აფენილ ხეებს გრილი მწვანე დაჰკრავთ და იავნანასავით შრიალებენ. ძნელია ამ ფერწერისთვის შედარებების დაძებნა – უმეტაფორო სილამაზეა. ეზობიდან ისმის ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. ორი ტონი აქვს ამ ენას და ორივე სიმღერიდანაა. თუ ვინმე კამათობს – ,,სისა ტურას” ბაძავს თითქოს და თუ მშვიდია საუბარი – ,,აშო ჩელადანაა” ხმები. სადმე თუ შეჩერდები, თუნდაც უცხო იყო შეგიპატიჟებენ. თუ ახალი ხარ, ალბათ არ იცი, რომ ომში გაწვევას ჰგავს ეს შეპატიჟება – მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია – ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომივით თეთრ დროშას და ხელფეხშკერული კაცის ხმით წაიჩურჩულებ: დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს! და მერე ისევ და ,,შემაშინებლად” მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, უკან გამოცილებისას ეპილოგად რომ გადაიქცევა, გახსენებს ერთ ბიჭს, რომლის ფესვებიც ამ მხარიდანაა და ალბათ ამიტომაც არის მისი პასი დიდებული ეზოებივით ზუსტი და დახვეწილი.
OK! Magazine Georgia ზაფხულის საკითხავი
წიგნიდან: ,,ხვიჩა. ვარსკლავი, სახელად ვარსკვლავი.”