პროექტი ფოტო+ტექსტი-ზურიკო სიხარულიძე

16.12.2021

შემომხედე!
შემომხედე ძამა აგერ. მე რაც დევიბადე, ცალ ხელში წიგნი მიჭერია და ცალში კიდომ, მარცხენა რომ მივარგოდეს, თოხი მეჭირებოდა, მარა არ მივარგა აი მარცხენა და წიგნი მიჭერია ისევლე. აბა მარჯვენა ხელს ხომ არ გუვუშობ? ცოტა კი დამცინიან აქანე, ზარმაცია, მუშაობა ეზარებაო, მარა შენ გონია ტვინით მუშაობა, მუშაობა არაა? მაგან იცის ოფლი თუ იცის და წელში მოკაკვა.
ახლა მთლა ყოლიფერი კი არ მაქ წაკითხული, მარა რაც შემიძლია, ვღლი ამ დასაფსებ თვალებს. წიგნი რაია იცი? რაცხა რომ გტკივა, გახსენდება, რომ იქინე, რომშიც ტკიოდათ და გეიარა, რომ გიხარია, გახსენდება, რომ საცხა პარიზშიც უხაროდათ და გეიარა. მაგიც გეივლის! – სოლომ ბრძენს რომ კალიცო ქონდა და გადმოატრუალებდა და ზედ ეწერა, მაგია წიგნი.

გურია ჩემდა სამყაროს ცენტრია და ამ ცენტრში არის ცენტრი ჩოხატაური და ცენტრის ცენტრში არის კიდომ ცენტრი – ბუკისციხე. ჩემდა აგია ცენტრის ცენტრის ცენტრი და შენ თუ გინდა ახლა, დაცენტრილი დამიძახე.

შემომხედე ძამა! ამ ღელეს ხომ ხედავ. ამ ღელესთან უნდა ჩამოჯდე ხანდახან. წიგნი ეიღო და თვალი დახუჭო. თვალის დახუჭვას მე ვუძახი წიგნში ჩაყვინთვას. დამიჯერე. მოი ერთხელ ჩემსას სტუმრად და ერთად ჩავიყვინთოთ. მაგაზე კაი აფერი არაა.
მაგაზე კაი გურიაა, ღელე და წიგნი. გურია, ჩოხატაური და ბუკისციხე.
და მე – რა თქმა უნდა.

ზურიკო სიხარულიძე. წიგნიერი კაცი. ბუკისციხე. გურია.

#დიდიადამიანები

ფოტო | ნათელა გრიგალაშვილი
ამბავი | გიორგი კეკელიძე

ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად – ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული