პროექტი ფოტო+ტექსტი-მარინა უჯმაჯურიძე

06.12.2021

შემომხედე!

ბავშვობაში მევიოლინე მინდოდა რომ ვყოფილიყავი და მხატვარი გამოვედი.

ხატვა სულის საქმეა, სხეული ხან ხელსაც კი უშლის, არ ემორჩილება. წარმოიდგენ, უბრძანებ და მთლად ის არ არის, რაც გაგეფიქრა. აი, სულის ფიქრს თუ მოლბერტზე მონახაზს დაამგვანებ, ეგ არის საუკეთესო ნახატი.

ჩემი საქმე გაუკვალავ გზაზე სიარულია – მხატვრობაშიც და ცხოვრებაშიც. ამიტომაც მტერი ბევრია, მაგრამ მაგარი გამოვდექი. გავძელი ამ პატარა სახლში, რომელსაც სახურავი აექერცლა, აწვიმს და ეს წვიმა ჩემს ტანშიც უარს, როგორც ადამიანებისგან მივიწყების ცივი ნიშანი. სიყვარული მაინც არ დამიკარგავს. ის, ვინც მიმაგდო, ვინც ცილი დამწამა, გადამეღობა – ვერ შევიძულე. რომ შევიძულო – ვერ დავხატავ.

ხატვა – სიყვარულში მეცადინეობაა. რომ არ დაგავიწყდეს, თავს დააძალო და დააჯერო. მერე უკვე წრფელი ხარ და ბედნიერი.

კი,ბავშვობაში მევიოლინე მინდოდა ვყოფილიყავი და ალბათ ვარ კიდეც – ფუნჯით ვუკრავ. ფერებია ჩემი მუსიკა. შენ – ჩემი მსმენელი. უბრალოდ მომძებნე და შემომხედე.

მარინა უჯმაჯურიძე. მხატვარი. ოზურგეთი. გურია.

#დიდიადამიანები

ფოტო | ნათელა გრიგალაშვილი

ამბავი | გიორგი კეკელიძე

ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად – ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული.