პროექტი ფოტო+ტექსტი-ლალი თავართქილაძე

22.11.2021

შემომხედე!

განა სევდა არ მაქვს? უკან რომ ზღვა მოჩანს. ეგ ზღვა უნდა გამოცადო ყოველდღე. და მიხვდები, რომ ადამიანი ზღვაა – ხან პირქუშია, ხან ღელავს, ხან იღიმის. ხო, იღიმის! რა გაგიკვირდა? მოღიმარი ზღვა რაფერი ცინცხალი ტყუილიაო, მეტყვი. დაჯექი, დღეები თვალი გააშტერე და შეამჩნევ, როგორ შემოგაცურებს ღიმილს. ხანდახან ზღვა ხმამაღლა იცინის. მაგრამ ეგ რომ მოისმინო, შუაღამისას უნდა გახვიდე და ფეხაკრებით მიეპარო. თორემ სხვანაირად შეგამჩნევს და დადუმდება.

ხოდა მე გადავწყვიტე ზღვა ვიყო. ოღონდ ხალხს მაშინ დავენახო, როცა ვიღიმი. ამიტომაც, სულ მხიარული ვგონივარ. და სხვა რამეც ვისწავლე. როცა დარდი მაქვს, ვხატავ, კედლებს მოზაიკებით ვამღერებ და ვაფერადებ. დახატული დარდი თურმე ნათელი და მხიარული გამოდის. თუ არ გჯერა, ჩამოდი და ნახე.

ჰოდა, კიდევ – ბედნიერებას ფრთები უნდა. ფრთები კიდევ რა არის? ცოტა ქარი, თავი მაღლა – მზისკენ და უკან ზღვის ღიმილი.

ლალი თავართქილაძე. მხატვარი. მოზაიკოსი. ურეკი

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ტექსტი: გიორგი კეკელიძე

მალე – ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად – ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული.

#დიდიადამიანები