შემომხედე!
კი, შემომხედე, მარა – მე არსათ გამოსაჩენი არ ვარ შვილო. ადრე კი ვიყაი კაი შეხედული, მარა ახლა. ნათქვამია – ვისაც ახალგაზდობაში არ ვუნახივარ, იმას ჩემს თავს სიბერეში ნუ ანახვებო. გაგკვირდება, მართლა, ჩემი სურათები რომ ნახო. ეხ, ტანჯია ცხოვრება, ტანჯი.
ჩემი ბაღნობა იყო კაი. ძაან კაი. დან-ძმანი შვიდნი ვიყაით. ბაღნობა წევიდა მერე და წევიდა შრომა. ანასეულში, ლაბორანტათ ვმუშაობდი ინსტიტუტში. ამასობაში ჩემი მომავალი ქმარი ჩამოვიდა ჯარიდან და მასეთ მოხთა, რომე ჩემმა დეიდაშვილმა გამაცნო. უცბათა შეგვიყვარდა ერთმანეთი. მასაც მევეწონე, მეც არ მითქვია თლა უარი და წევიდა ჩვენი ბაღნური ცხოვრება. რა ვიცი. ღარიბები ვიყაით და დღე-ღამეს ვასწორებდით. მივყეით, მივყეით ორივე ცოლ-ქმარმა, მეგობრულად ძალიან და აი, სახლი ავაშენეთ. მერე წახთა დრო და. ორი შვილი მყავდა. ერთი ქი მყავს ახლა. ერთი გარდიცვალა.
ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა.მაგის მერე სულ ავათ. ავათ. ავათ. და ორიათასაჩვიდმეტში გარდიცვალა. მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი.
ვიოლეტა სიხარულიძე-გორგოშიძე. მშრომელი ქალი დიდი დარდით. ლიხაური.
მალე – ნათელა გრიგალაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტი, ლიბერთი ბანკთან ერთად – ფოტო + ტექსტი. პირველი გაჩერება, გურია და უფროსი ადამიანების ათი ისტორია. ტექსტები დიდწილად შეთხზულია, თუმცა გმირების განცდებზე დაფუძნებული.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
ტექსტი: გიორგი კეკელიძე
#დიდიადამიანები