#დარჩისახლში VOL.2
ვინც მე მიცნობს, იოლად ხვდება, რომ ეს იმ ჯოჯოხეთის რეპეტიციაა, რომელშიც ოდესმე აუცილებლად მოვხვდები. დღეს საფრანგეთში უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი უნდა გაგვეფორმებინა უძველეს ბიბლიოთეკასთან და ერთი იშვიათი ქართული წიგნი მოგვეპოვებინა. ზეგ ჩემი ზღაპრების წარდგენა იყო პარიზის წიგნის ფესტივალზე. მერე საქართველო – სოფლები, სოფლები, სოფლები, ბიბლიოთეკები, ბიბლიოთეკები. გზა, გზა და გზა. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები. მიჭირს, ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გავუძლოთ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში საათობრივი გრაფიკით ხუთი ადამიანი ვმუშაობთ და გადაცემებს ცარიელ სტუდიაში ვწერ კონკრეტულ დღეს. ლექციებს და გაკვეთილებს დისტანციურად ვატარებ. ყველაზე მეტად პატარები მომენატრნენ. ძალიან მომენატრნენ.
მიუხედავად მიჯაჭვულობისა, ვერ ყოფილა ადამიანი ონლაინ-არსება. თუმცა ახლა ინტერნეტი ერთადერთი იარაღი და უპირატესობაა. ვიცი, ძნელია. მარტო ჩაკეტილობის გამო არა, ამ ჩაკეტილობის მიღმა საკვები გჭირდებათ და საკვებს ფული. მე პარიზი ვთქვი და სხვა ადამიანი დღეს სადმე, სამსახურში უნდა ყოფილიყო, ლუკმა პური რომ მოეპოვებინა. ძნელია, მაგრამ არსებობს საგანგებო და დიდი გასაჭირები და უნდა მოვახერხოთ მისი გამკლავება. არ მოგატყუებთ – წინ რთული დღეები გველოდება, მაგრამ არც მაშინ ვცრუობ, როცა ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ!
გავიღიმოთ და გავმაგრდეთ
თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze