საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პროზაიკოსს, გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში.) საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის მუზეუმის დამაარსებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში.
გთავაზობთ გიორგი კეკელიძის მიერ შევსებულ პრუსტის კითხვარს:
რა არის თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება?
– სიჯიუტე.
– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ქალში
– ადამიანებს ასე არ ვყოფ. საყვარელი ქალისგან კი მხოლოდ საინტერესოობას ვითხოვ.
– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მეგობარში
– გამძლეობას.
– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად?
– ზოგიერთი სასაცილო შიშის აკვიატებულ დაუძლევლობას.
– რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?
– ცხოველების ცხოვრებაზე დაკვირვება.
– ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ?
– მუსიკის წერა მინდა შემეძლოს.
– რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
– ცუდად გაკეთებული ხაშის სუნს.
– ის, რასაც ადვილად პატიობთ…
– ხაშის არც თუ ისე კარგად მომზადებას.
– რისი პატიება არ შეგიძლიათ?
– ხაშის ცუდად მომზადების
– რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?
– იმ სახლის სუნის განცდის გარეშე, სადაც ზაფხულობით ბავშვობისას ვისვენებდით.
– რას მიიჩნევთ თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად?
– მარცხების გამარჯვებებად ქცევის ხელოვნების დაუფლებას.
– საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით, სად დაიბადებოდით?
– ან ისლანდიაში ან აფრიკაში.
– როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას?
– არ მაქვს ბედნიერების სრულყოფილად განცდის უნარი.
– რას მიიჩნევთ უბედურებად?
საზოგადოებრივ ტუალეტში მოულოდნელ ჩაკეტვას.
– თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?
– წინ მაქვს
– რა გინდათ, რომ დიდი ხნის შემდეგ თქვან თქვენზე?
– ყველაფერი კარგი.
– რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
ისტორიული პერსონების გულწრფელი ზიზღის უნარი არ მაქვს.
– ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?
– კინო, სტეინბეკის ერთი მოთხრობიდან.
– ვინ არის თქვენი გმირი რეალურ ცხოვრებაში?
– საკუთარი თავი.
– თქვენი საყვარელი მწერალი?
– ასეთის გათქმა, უპატიებელი პროფესიული შეცდომა იქნება ჩემგან.
– თქვენი საყვარელი მხატვარი?
– კარავაჯო
– თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?
– ბახი და კოლტრეინი
– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?
– ბანალური ნაცრისფერი
– წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდით?
– ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
– თქვენი საყვარელი კომპოზიცია?
– სამი იყოს – ,,ავდმყოფი მგოსანი’’ (თამარ იშხნელი) ,, Oh, Doctor Jesus’’ (მაილს დევისი) ,, Joshua Fit The Battle Of Jericho’’ (მაჰალია ჯექსონი)
– ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ?
– არ მინდა შეგაშინოთ. საიდუმლოდ დავტოვებ
– რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევთ?
– ადამიანების საზოგადეობის მიერ ზოგიერთ წესს, რომლის გავლენაც ახლა თქვენთვის მშვიდად პასუხის შესაძლებლობას მაძლევს.
– ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ
– ნელი ავადმყოფობებისა და სიკვდილის კარის მიღმა ოთახის
– რითი ხართ დაჯილდოებული?
– ახლობელი ადამიანებისთვის ნერვების დაუსრულებლად მოშლის ნიჭით
– რომ არა თქვენ, ვინ იქნებოდით?
– უკანმოუხედავი მოგზაური ან ფანჯარსთან გამუდმებით მჯდომი დამკვირვებელი ხალხმრავალ ქუჩაზე
– როგორ სიკვდილს ისურვებდით?
– ხალხისგან შორს, სიკვდილის განცდის უმტკივნეულო, მაგრამ ცნობიერი შესაძლებობით
– გჯერათ, რომ…
– ადამიანი უსასტიკესი ცხოველია, მოულოდნელი და გაუგებარი სიკეთეებით.
– თქვენი დევიზი?
– მძულს დევიზები.