გიორგი კეკელიძე – არავის შვილები

ერთხელ, ერთმა კაცმა, დიდად პომპეზურ საჯარო თავყრილობაზე, მხოლოდ კეთილი განზრახვით ჩაფიქრებული, ასეთი სიტყვები თქვა: აგერ, გიორგიო (ანუ მე), არავის შვილი არ არის და როგორ წარმატებას მიაღწიაო.

ამ შვილების და შვილიშვილების საზოგადოებაში, სადაც ადრე, სტუდენტობისას, იმის გაგების შემდეგ, რომ კორნელი კეკელიძის ნათესავი არ ვყოფილვარ, ცოტა მოიწყენდნენ და ერთი-ორი ანეკდოტის მოყოლა მიწევდა, ისევ რომ გამეღიმებინა, ბევრი არაფერი მიკვირს. მაგრამ ეს „არავის“, ყურს უცნაურად მოხვდა. არ მწყენია (გამომსვლელის აზრით საერთოდაც უნდა გამხარებოდა) – დიდი ხანია გარეამბებისთვის გულის კანი გამისქელდა და არც მარტივი კომპლექსების ტყვე გახლავართ. უბრალოდ დავფქირდი. სხვა მილიონი ადამიანის მაგივრადაც. რომ ეთქვათ, გლეხის, მუშის, აგრონომის და რა ვიცი – ათასი ვინმეს შვილიაო, შეიძლება, ფიქრიც არ შემეჩერიბინა. არადა, იმ კაცმა მართლა კეთილი განზრახვით თქვა და რაღაც აზრით, თვისობრივ ამბავში, სრულებით ზუსტი რამ.

საერთოდ, კარგი წინაპრით სიამაყე ცუდი საქმე როდია, მაგრამ აბა ვინ მიკარნახებს, რას ნიშნავს კარგი?  მამაჩემი იმიტომ არის არავინ, რომ დღედაღამე მუშაობდა ხან ყანაში და ხან თხილში, ხან ძროხას უვლიდა და ხან წიწილებს? არ იპარავდა და საკუთარ ოცნებებს ჩუმად ხოცავდა, იმიტომ რომ გარეთ სხვები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ მხოცველთა შორის ბევრი აგერ ვითომ საამაყო წინაპარი იყო? და მამაშენიც და მამამისიც იმიტომ არიან არავინ, რომ მათი ბიოგრაფიაში რაღაც ჯილდოები და ნაშრომები არ წერია? და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში,   მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა  „ვიღაც“, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს,  რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის „არავის“.

ამსიგრძედ იმიტომ ვწერე, რომ დღესაც, ბევრი განათლებული და დაწინაურებული ადამიანი მხვდება და როცა, ვიღაცაზე რამე კარგის თქმა უნდა, უკანასკნელ, რკინის არგუმენტად, იდუმალი ხმით მიჩურჩულებს:  ხომ იცი, ეგ ფეშანგი ფაშვიბერტყაძის შვილიშვილია.

მე კიდევ მგონია, რომ „არავის შვილების“ დრო დადგა. ოღონდ ეს „არავის“ ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს.