დედაჩემთან, სასექტემბროდ ჩემს მთავარ მომზადებელთან, იოლი ურთიერთობა არასდროს მქონია. მისი აღზრდის წესი მკაცრ დათქმებს გულისხმობდა, ჩემი მისწრაფებები – ამ დათქმების დარღვევას. ჯიუტი ვიყავი და ვარ. მგონი მაშინ უფრო – ბავშობისას. აი, ვთქვათ, გაუგებრად ვითხოვდი – მეზობლის თხა დამიბით და მომიყვანეთ! ახლავე! იოლი ამბავი არ იყო. ჯერ თხის დაჭერა და რომც შეეპყროთ, მერე მეზობელი გახდებოდა დასაბმელი. თუ არა, თავს ჩამოვიხრჩობ მეთქი. ბოლო საქმე სად შევიტყვე, აღარ მახსოვს, მაგრამ ვიმეორებდი კი. ეს სცენა მახსოვს. სხვა ბევრი – სხვებს და მიყვებიან ხოლმე. მერე სკოლაში ჩემს კალიგრაფიას, ლექსების დაზეპირებას, რუსულს, გერმანულს დააყოლა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. მე ვიზრდებოდი. იზრდებოდა განსხვავება ჩვენს აზრებს შორის. თხის დაჭერას აღარ ვითხოვდი და კაცმა რომ თქვას, 14 წლიდან – არც არაფერს. 16 წლისამ საერთოდაც თბილისს მოვაშურე. თუმცა რაზეც ახლა გიყვებით, მანამდე დაიწყო. დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადღაც ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს წერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით – ,,ქათმები შუუშვი საკარიაში’’ და გრძელდებოდა ზოგადით – ,,რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით’’. ეს წერილები ყველგან იდო, კართან –,,ფეხზე გეიწმინდე’’, ფანჯარასთან – ,,პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს’’ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც. მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპოსტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით ნაწერს აზიანებდნენ და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა. მისტიკა და სხვანი. მოკლედ, ახლა იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში გვიან შევირბენ და წერილი მხვდება აივანზე და შემდეგ უკვე სხვა წერილები მიყვებიან ქვევით საფეხურ–საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიან და მოღლილ ღუმელიან საღამოების წაკითხვა და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით ღრმა, რაც ცოტანი ვრჩებით. ცოტა რა – სულ ორი – მე და დედაჩემი.
რაც შეეხება სექტემბერს, ის ორ სურნელად იყოფა. ერთი კონკრეტულია, თვალ და ხელშესახები, მეორეს სხვა მზერა ჭირდება. პირველი მშობიარე შემოდგომის სუნია – ყანების ტეხა–კრეფის, არცმთლად ღვინოდ სავარგი იზაბელას და ჩხავერის სუნი, შრომის ოფლის და ღვინოდ რომ კარგია ა მეორეს – სკოლაში წასვლის სუნი. დიახ, ასეთი სუნებიც არსებობს. მათი აღწერა რთულია ბევრი შემადგენლის გამო, მაგრამ მეც და თქვენც ზუსტად ვიცით. სიხარულსაც და შიშსაც აქვს სუნი
ზუსტად ვიცი, წლების მერე, სექტემბრის მიწურულს, კომპიუტერთან მჯდარი, მორიგი უმარილო გზავნილის შემოწმებისას, უცებ წამოვხტები და გავიქცევი. გადავირბენ ასფალტისახურავიან სახლებს, მელოტ სახურავებზე შემორჩენილ თმებივით მოქანავე ანტენებით, გზებს, ნერვიულად მოძრავი მანქნებით, მანქანებს, საჭესთან ფიქრგაქცეული ადამიანებით და ადამიანებგაქცეულ ფიქრებს, მერე ღობეებს, და ღობისაქეთ გუბეებს და ღობისიქითაც გუბეებს, ოღონ აქეთა გუბეებში მწოლიარე გოჭებით და იქითა გუბეებში დაჩუტული ბურთებით, გადავირბენ აღმართებს და დაღმართებს და აღმართებს, გადავირბენ მთელ შემოდგომას, ზამთარს, გაზაფხულ, ზაფხულს დაკიდევ შემოდგომას და კიდევ და კიდევ და სექტემბრის იმ დილასთან მივალ, როცა მამაჩემი ჩანთაში წიგნებს ჩამიწყობს და მე და მამა სკოლაში წავალთ.